"პეტრე პირველის ძეგლის ნაცვლად დავდგამ რესინისა და იმ "ჟულიკების" ქანდაკებას, რომლებიც იქ არიან", - ამის შესახებ ქართველმა მხატვარმა და არქიტექტორმა ზურაბ წერეთელმა ტელეკომპანია "იმედისთვის" მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, იგი ამჟამად საფრანგეთში იმყოფება, საიდანაც ამერიკის შეერთებულ შტატებში უნდა გემგზავროს, თუმცა რუსეთში 11 ოქტომბერს ბრუნდება.
რაც შეეხება მოსკოვის ყოფილ მერთან იური ლუჟკოვთან მეგობრობას, წერეთლის მტკიცებით, მას ლუჟკოვთან ურთიერთობა უკვე ხუთი წელია გაწყვეტილი აქვს.
"პეტრე პირველის ქანდაკება ჩემი კუთვნილება არ არის. ის მათია და რაც უნდათ, ის უქნიათ, მის მაგივრად კი დავდგამ რესინის ქანდაკებას და იმ ხალხის ქანდაკებებს, რომლებიც იქ არიან "ჟულიკები", - განაცხადა წერეთელმა.
მისი თქმით, იგი მოსკოვში 11 ოქტომბერს დაბრუნდება, რადგან 12 ოქტომბერს პრეზიდიუმის სხდომაა, რომელზედაც გამოფენის "მშვიდობა კავკასიაში" საკითხი განიხილება.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვის მერის მოვალეობის შემსრულებელი ვლადიმერ რესინი გამოვიდა ინიციატივით, რომ ზურაბ წერეთლის ნამუშევარი - პეტრე პირველის ქანდაკება - მოსკოვის ცენტრიდან გადაიტანონ. რუსული მედია ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ქართველმა არქიტექტორმა მის გარშემო ატეხილი სკანდალის გამო რუსეთი დატოვა.