პოლონეთის რესპუბლიკის პრემიერი მათეუშ მორავიეცკი განცხადებას ავრცელებს, რომლის ქართულ თარგმანს საქართველოში პოლონეთის საელჩო ავრცელებს.
„XX საუკუნემ მსოფლიოს მოუტანა წარმოუდგენელი ტანჯვა და ასობით მილიონი ადამიანის სიკვდილი ტოტალიტარული იდეოლოგიების სახელით. ნაციზმის, ფაშიზმის და კომუნიზმის მსხვერპლთა რიცხვი ცხადია ჩვენი თაობისთვის. ასევე ცხადი არის ის თუ, ვინ არის პასუხისმგებელი ამ დანაშაულებზე - და ვისი პაქტის შედეგად დაიწყო მეორე მსოფლიო ომი, ყველაზე სასტიკი კონფლიქტი კაცობრიობის ისტორიაში.
სამწუხაროდ, რაც უფრო მეტი დრო გადის ამ ტრაგიკული მოვლენების შემდეგ, მით უფრო მწირი ინფორმაცია აქვს ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს ამ მოვლენების შესახებ. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხმამაღლა ვისაუბროთ და მივაწოდოთ სიმართლე მეორე მსოფლიო ომის, მისი დამნაშავეებისა და დაზარალებულების შესახებ - და შევეწინააღმდეგოთ ისტორიის დამახინჯების მცდელობებს.
ამ ბოროტების შესახებ ხსოვნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოლონეთისთვის - ომის პირველი მსხვერპლისთვის. ჩვენმა ქვეყანამ პირველმა განიცადა ნაცისტური გერმანიისა და საბჭოთა რუსეთის შეიარაღებული აგრესია. პოლონეთი პირველი ქვეყანა იყო, ვინც დაიწყო ბრძოლა თავისუფალი ევროპის დასაცავად.
თუმცა ამ ბოროტი ძალების მიმართ წინააღმდეგობის გაწევა არა მხოლოდ პოლონური გმირობის ხსოვნაა - ეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რამ არის. ეს წინააღმდეგობა არის ახლა მემკვიდრეობა თავისუფალი და დემოკრატიული ევროპისა, რომელიც იბრძოდა ორი ტოტალიტარული რეჟიმის წინააღმდეგ. დღეს, როდესაც ზოგიერთებს სურთ ამ მოვლენების მიჩქმალვა თავიანთი პოლიტიკური მიზნების გატარების მიზნით, პოლონეთი უნდა დადგეს სიმართლის დასაცავად. არა საკუთარი ინტერესების გულისთვის, არამედ იმისთვის, რასაც დღეს ევროპა ნიშნავს.
1939 წლის 23 აგვისტოს გაფორმებული მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი არ წარმოადგენდა „დაუსხმელობის შესახებ შეთანხმებას“. ეს იყო პოლიტიკური და სამხედრო ალიანსი, რომელიც ევროპას გავლენის ორ სფეროდ ჰყოფდა - სამი პოლონური მდინარის სამდინარო ხაზის გასწვრივ: ნარევი, ვისტულა და სანი. ერთი თვის შემდეგ იგი გადაწეულ იქნა მდინარე ბაგის სამდინარო ხაზში, 1939 წლის 28 სექტემბრის „გერმანო-საბჭოთა მეგობრობის და სასაზღვრო შეთანხმების“ შედეგად. ეს იყო აუწერელი დანაშაულების პროლოგი, რომელიც მომდევნო წლებში ჩადენილ იქნა ხაზის ორივე მხარეს.
ჰიტლერსა და სტალინს შორის დადებული პაქტი მაშინვე ამოქმედდა: 1939 წლის 1 სექტემბერს ნაცისტური გერმანია შეიჭრა პოლონეთში დასავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან, ხოლო 1939 წლის 17 სექტემბერს მათ შეუერთდა სსრკ, რომელმაც შეუტია პოლონეთს აღმოსავლეთიდან.
1939 წლის 22 სექტემბერს გაიმართა დიდი სამხედრო აღლუმი ბრესტ-ლიტოვსკში - ნაცისტური გერმანიისა და საბჭოთა რუსეთის მიერ დამოუკიდებელი პოლონეთის ერთობლივი ძალისხმევით დამარცხების აღსანიშნავად. ამგვარი აღლუმების ორგანიზება არ ხდება დაუსხმელობის შესახებ შეთანხმების მხარეების მიერ- ისინი იმართება მოკავშირეებისა და მეგობრების მიერ.
ეს ზუსტად ის არის, რაც ჰიტლერს და სტალინს აკავშირებდა - დიდი ხნის განმავლობაში ისინი არა მხოლოდ მოკავშირეები, არამედ ფაქტიურად მეგობრები იყვნენ. მათი მეგობრობა იმდენად გაძლიერდა, რომ, როდესაც მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე, 150 გერმანელი კომუნისტი მესამე რაიხიდან საბჭოთა კავშირში გაიქცა, 1939 წლის ნოემბერში სტალინმა ისინი ჰიტლერს გადასცა, როგორც ”საჩუქარი” - რითაც ისინი ფაქტიურად სასიკვდილოდ გაწირა.
სსრკ და მესამე რაიხი მჭიდროდ თანამშრომლობდნენ ყველა დროს. 1939 წლის 27 ნოემბერს, ბრესტში გამართულ კონფერენციაზე, ორივე ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებმა განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე პოლონეთის დამოუკიდებლობის ორგანიზაციების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის მეთოდები და პრინციპები. ნკვდ– ს და სს– ის ოფიცრების სხვა კონფერენციები, მათ შორის თანამშრომლობის შესახებ, გაიმართა ზაკოპანესა და კრაკოვში (1940 წლის მარტში). აქ არ იყო საუბარი დაუსხმელობის შესახებ - არამედ ადამიანების ლიკვიდაციის (სასტიკი მკვლელობების) და პოლონელი მოქალაქეების განადგურების შესახებ, ეს იყო ერთობლივი, სამოკავშირეო ქმედებები პოლონეთის სრული განადგურების განსახორციელებლად.
სტალინის თანამონაწილეობის გარეშე პოლონეთის დანაწილებაში ისევე როგორც მის მიერ ჰიტლერისთვის მიწოდებული ბუნებრივი რესურსების გარეშე, ნაცისტური გერმანიის კრიმინალური აპარატი ვერ აიღებდა კონტროლს ევროპაზე. ბოლო მატარებელმა მომარაგებით დატოვა სსრკ და გაემგზავრა გერმანიაში 1941 წლის 21 ივნისს - მხოლოდ ერთი დღით ადრე, ვიდრე ნაცისტური გერმანია შეუტევდა თავის მოკავშირეს. სტალინის წყალობით, ჰიტლერს შეეძლო დაუსჯელად დაეპყრო ახალი ქვეყნები, გამოემწყვდია მთელი კონტინენტის ებრაელები გეტოებში და განეხორციელებინა გენოციდი - ერთ-ერთი ყველაზე საშინელი დანაშაული კაცობრიობის ისტორიაში.
სტალინი აღმოსავლეთით დანაშაულებრივ საქმიანობას ეწეოდა, იმორჩილებდა ქვეყნებს ერთმანეთის მიყოლებით და ჩამოაყალიბა ბანაკების ქსელი, რომელსაც რუსმა მწერალმა ალექსანდრე სოლჟენიცინმა უწოდა "გულაგის არქიპელაგი." ეს ის ბანაკები იყო, სადაც კომუნისტური ხელისუფლების მილიონობით მოწინააღმდეგეს მონობაში აგდებდნენ და აწამებდნენ.
კომუნისტური რეჟიმის დანაშაულებრივი ქმედებები ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომამდე დაიწყო - 1920-იანი წლების დასაწყისში მილიონობით რუსი შიმშილობდა, დიდი შიმშილობის შედეგად მილიონობით უკრაინის და ყაზახეთის მოქალაქე შიმშილს შეეწირა, დიდი წმენდის დროს მოკლული იყო სსრ კავშირის თითქმის 700 ათასი პოლიტიკური ოპონენტი და ჩვეულებრივი მოქალაქე, ძირითადად, რუსები, და ე.წ. ნკვდ-ს „პოლონური ოპერაციის“ შედეგად სსრკ პოლონური წარმოშობის მოქალაქეები დახვრიტეს. ბავშვები, ქალები და მამაკაცები განწირულები იყვნენ სიკვდილზე. მხოლოდ “პოლონური ოპერაციის” შედეგად, NKVD– ის მონაცემებით, 111 ათასზე მეტი ადამიანი დახვრეტილ იქნა საბჭოთა კომუნისტების მიერ. იმ დროს სსრკ-ში პოლონელად ყოფნა სასიკვდილო განაჩენის ტოლფასი იყო ან მრავალი წლით გადასახლებას ნიშნავდა.
ეს პოლიტიკა გაგრძელდა 1939 წლის 17 სექტემბერს პოლონეთში საბჭოთა კავშირის შეჭრის შემდეგ - მაშინ 22 ათასზე მეტი პოლონელი ოფიცერი და ელიტის წარმომადგენლები ლიკვიდირებულ იქნენ ისეთ ადგილებში, როგორიც არის კატინი, ხარკოვი, ტვერი, კიევი და მინსკი. NKVD ჩადიოდა თავის დანაშაულებრივ ქმედებებს წამების საკნებში და იძულებით შრომით ბანაკებში საბჭოთა იმპერიის ყველაზე შორეულ ნაწილებში.
კომუნისტური რეჟიმის ყველაზე დიდი მსხვერპლი რუსეთის მოქალაქეები იყვნენ. ისტორიკოსების შეფასებით, 20 -დან 30 მილიონამდე ადამიანი დაიღუპა მხოლოდ სსრკ – ში. სიკვდილი და იძულებითი შრომითი ბანაკები ელოდებოდა იმათაც კი, ვისზეც ყველა ცივილიზებული ქვეყანა ზრუნავს - სამშობლოში დაბრუნებულ ომის ტყვეებს. სსრკ მათ არ განიხილავდა როგორც ომის გმირებს, არამედ როგორც მოღალატეებს. ეს იყო საბჭოთა რუსეთის ”მადლიერება” სამხედრო ტყვეებისთვის - წითელი არმიის ჯარისკაცებისთვის: სიკვდილი, იძულებითი შრომითი ბანაკები, საკონცენტრაციო ბანაკები.
კომუნისტი ლიდერები, პირველ რიგში იოსებ სტალინი, პასუხისმგებელნი არიან ყველა ამ დანაშაულზე. მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან ოთხმოცი წლის შემდეგ, ცდილობენ სტალინის რეაბილიტაციას რუსეთის დღევანდელი პრეზიდენტის პოლიტიკური მიზნებისათვის. ამ მცდელობებს წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს ყველა ადამიანმა, რომელსაც გააჩნია ელემენტარული ცოდნა XX საუკუნის ისტორიის შესახებ.
პრეზიდენტმა პუტინმა არაერთხელ ტყუილი სთქვა პოლონეთის შესახებ, ის ამას ყოველთვის მიზანმიმართულად აკეთებდა. ეს როგორც წესი ხდება მაშინ, როდესაც რუსეთის ხელისუფლება გრძნობს საერთაშორისო ზეწოლას, რომელიც დაკავშირებულია მათ საქმიანობასთან - ეს ზეწოლა ხორციელდება არა ისტორიულ, არამედ თანამედროვე გეოპოლიტიკურ ასპარეზზე. ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთმა მრავალი მნიშვნელოვანი მარცხი განიცადა - მან ვერ შეძლო სრული კონტროლის მოხდენა ბელორუსიაზე, ევროკავშირმა კვლავ გაუგრძელა მასზე დაწესებული სანქციები ყირიმის უკანონო ანექსიისთვის, ე.წ. „ნორმანდიის ფორმატის“ მოლაპარაკებებმა არ გამოიღო შედეგი. ამ სანქციების პარალელურად შემოღებულ იქნა კიდევ უფრო მეტი შეზღუდვები - ამჯერად შეერთებული შტატების მიერ, რამაც მნიშვნელოვნად შეაფერხა Nord Stream 2 პროექტის განხორციელება. ამავდროულად, რუს ათლეტებს ახლახან ოთხწლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს დოპინგის გამოყენებისთვის.
მივიჩნევთ, რომ პრეზიდენტ პუტინის სიტყვები არის მცდელობა ამ პრობლემების დასამალად. რუსეთის ლიდერმა კარგად იცის, რომ მის ბრალდებებს არაფერი აქვს საერთო რეალობასთან - და რომ პოლონეთში არ არსებობს ჰიტლერის ან სტალინის ძეგლები. ასეთი ძეგლები აქ მხოლოდ მაშინ იდგმებოდა, როდესაც მათ აღმართავდნენ აგრესორები და დამნაშავეები - მესამე რაიხი და საბჭოთა რუსეთი.
რუსი ხალხი - სტალინის, მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი დამნაშავის ყველაზე დიდი მსხვერპლი - იმსახურებს სიმართლეს. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ რუსი ხალხი თავისუფალი ერია - და ისინი უარყოფენ სტალინიზმს, მაშინაც კი, როდესაც პრეზიდენტ პუტინის მთავრობა ცდილობს მის რეაბილიტაციას.
დაუშვებელია იმასთან შეგუება, რომ დამნაშავენი მსხვერპლის როლში გამოყავთ, ხოლო სასტიკი დანაშაულების ჩამდენი პირები უცოდველ ადამიანებად, ჩვენ ერთად უნდა დავიცვათ სიმართლე - მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად და ჩვენი საერთო მომავლის სასიკეთოდ“.