შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის გახმაურებული სატელეფონო საუბრიდან 91 წუთში, თეთრმა სახლმა უკრაინას დახმარება შეუჩერა.
ინფორმაციას BBC ავრცელებს, რომელიც ეყრდნობა ახლახან გამოქვეყნებულ თეთრი სახლისა და პენტაგონის ოფიციალურ პირებს შორის მიმოწერას.
როგორც ირკვევა, თეთრი სახლის მაღალი რანგის თანამშრომელმა მაიკ დაფმა პრეზიდენტების საუბრიდან 91 წუთში წერილი მისწერა პენტაგონის მაღალი რანგის თანამშრომლებს და უკრაინისთვის დახმარების შეჩერება სთხოვა.
დემოკრატების განცხადებით, ეს მიმოწერა მორიგი დასტურია იმისა, რომ ტრამპმა ძალაუფლება პირადი პოლიტიკური სარგებლის მისაღებად გამოიიყენა.
შეგახსენებთ, გასულ კვირას, შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა პრეზიდენტ ტრამპის იმპიჩმენტს.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის ფორმალური პროცედურის დაწყება 25 სექტემბერს გამოაცხადა. აღნიშნული პროცედურის დაწყებას საფუძვლად დაედო დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბარი.
დემოკრატები ცდილობენ, დაადგინონ, გამოიყენა თუ არა ტრამპმა ძალაუფლება ბოროტად, როდესაც ვოლოდიმირ ზელენსკის თავისი პოლიტიკური მეტოქის, ჯო ბაიდენის შვილის ბიზნეს-საქმიანობის გამოძიება სთხოვა.
გარდა ამისა, საიმპიჩენტო გამოძიების ფარგლებში, გამოძიებას სურს გამოიკვლიოს, სატელეფონო საუბარი და ბაიდენის ვაჟის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნა, იყო თუ არა კავშირში უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერებასთან.