რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურების საფარი ორგანიზაცია, რუსული კულტურისა და მეცნიერების ცენტრი გაიხსნა. ინფორმაცია SOVA NEWS-მა გაავრცელა.
რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის წევრმა გრიგორი კარასინმა, 29 ნოემბერს რუსეთის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან, ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ დეკემბრის შუა რიცხვებში თბილისში, რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნებოდა.
ზურაბ აბაშიძემ თქვა, რომ ეს ინფორმაცია მან გრიგორი კარასინთან შეხვედრის დროს შეიტყო და დასძინა, რომ არც ერთ სახელმწიფო სტრუქტურას რუსული კულტურის ცენტრის შექმნის რაიმე ინიციატივასთან შეხება არ აქვს და არც ჰქონია.
"ეს საკითხი, სახელისუფლებო დონეზე არსად არ განხილულა. რაც შეეხება ერთ-ერთ კომერციულ ორგანიზაციას, რომელიც 2014 წლიდან ეწევა რუსული ენის სწავლებას, არც იგი გეგმავს თავისი საქმიანობის ამ სახით გაფართოებას. რაიმე სხვა სახის ინფორმაციას ასეთი ცენტრის შესახებ ჩვენ არ ვფლობთ. ვერანაირი ასეთი ცენტრის კვალს ჯერ ვერ მივაკვლიეთ", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
განახლება: რუსული კულტურისა და მეცნიერების ცენტრის გახსნას არ ადასტურებს ზურაბ აბაშიძე