შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ეხმიანება წარმომადგენელთა პალატის მიერ იმპიჩმენტის საკითხის მხარდაჭერას და აცხადებს, რომ სამართლიანობას სენატი აღადგენს.
თეთრი სახლის განცხადებით, წარმომადგენელთა პალატაში გამართული კენჭისყრა ამერიკის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე სამარცხვინო ეპიზოდად დარჩება.
"პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ სენატი აღადგენს სამართლიანობას, წესრიგს და წარმომადგენელთა პალატის მიერ უგულვებელყოფილ სამართლებრივ პროცესს, რის შემდეგაც პრეზიდენტი განაგრძობს დაუღალავ მუშაობას ამერიკელი ხალხის საჭიროებებისა და პრიორიტეტებისთვის, როგორც ეს იყო მის მიერ თანამდებობის დაკავების პირველივე დღიდან", - შესაბამისი განცხადება თეთრი სახლის მიკრობლოგ "ტვიტერის" გვერდზე გამოქვეყნდა.
შეგახსენებთ, შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს. პალატამ პრეზიდენტისთვის წაყენებულ ორ ბრალდებას ცალცალკე უყარა კენჭი.
კენჭისყრამდე კონგრესის ქვედა პალატაში 12-საათიანი დებატები გაიმართა. პალატამ პრეზიდენტს ბრალი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და კონგრესის მუშაობაში ხელის შეშლაში დასდო.
ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შესახებ ბრალდებას მხარი 230-მა კონგრესმენმა დაუჭირა, 197 წინააღმდეგ წავიდა.
კონგრესის მუშაობაში ხელის შეშლის ბრალდებას მხარი 229-მა კონგრესმენმა დაუჭირა, 198 წინააღმდეგ წავიდა.
საკითხი განსახილველად სენატს გადაეცემა, სადაც უმრავლესობა რესპუბლიკელების ხელშია. რაც ქმნის მოლოდინს, რომ იმპიჩმენტის საკითხი ტრამპის სასიკეთოდ გადაწყდება.