საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ეკვადორში მომხდარი გადატრიალების მცდელობა დაგმო. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"მაქვს პატივი მოგმართოთ და განვაცხადო, რომ საქართველოს ხელისუფლება გმობს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას და იმ ძალადობრივ ქმედებებს, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ეკვადორში 2010 წლის 30 სექტემბერს. კიდევ ერთხელ მსურს გამოვხატო ჩემი გულწრფელი აღტაცება თქვენს მიერ განხორციელებული წარმატებული რეფორმების გამო, რის შედეგადაც ეკვადორელი ხალხის ცხოვრების დონე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი სწრაფვა დემოკრატიული განვითარებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების დაცვისადმი გვაერთიანებს საერთო გამოწვევების წინაშე", - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
საქართველოს პრეზიდენტი ეკვადორელი ხალხს, დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებასა დაპირადად პრეზიდენტ რაფაელ კორეას სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
"ვიყენებ შესაძლებლობას და გამოვხატავ ჩვენს სრულ მხარდაჭერას ეკვადორელი ხალხის, დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლებისა და პირადად თქვენდამი. მსურს აღვნიშნო, რომ თქვენ გყავთ დიდი მეგობარი საქართველოში და გისურვებთ წარმატებას ეკვადორის პრეზიდენტის პოსტზე თქვენი მოვალეობის შესრულებაში", - აღნიშნულია პრეზიდენტის შესაბამის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 30 სექტემბერს, ეკვადორში აჯანყებულმა პოლიციელებმა რევოლუციის მოწყობა სცადეს. არეულობების შედეგად დაშავდნენ ქვეყნის პრეზიდენტი რაფაელ კორეა და ეკვადორის საგრეო საქმეთა მინისტრი. ეკვადორის არმიამ რაფაელ კორეას მხარდაჭერა გამოუცხადა და აჯანყება ჩაახშო. არეულობების შედეგად ეკვადორში ათამდე ადამიანი დაიღუპა.