ანკარა გმობს შეერთებული შტატების მიერ ერთხმად მიღებულ რეზოლუციას სომეხთა გენოციდის აღიარების შესახებ.
"აშშ-ის სენატის მიერ მიღებული რეზოლუცია ე.წ."სომეხთა გენოციდის" აღიარების შესახებ ისტორიის პოლიტიზირების სამარცხვინო მაგალითია", - ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე თქმით, სენატის გადაწყვეტილება არის მცდელობა, ძირი გამოეთხაროს თურქულ-ამერიკული ურთიერთობების განვითარებას.
"თუმცა, ისინი, ვინც ისტორიას იყენებენ პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, ვერასდროს მიაღწევენ დასახულ მიზანს", - დასძენენ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
საგარეო საქმეთა სამინისტროში მიიჩნევენ, რომ რეზოლუციას არ აქვს ისტორიულ-სამართლებრივი საფუძვლები და იურიდიული ძალა.
"უსამართლო და დაუსაბუთებელი ნაბიჯები არ იმოქმედებს თურქეთის გადაწყვეტილებაზე, გააგრძელოს ბრძოლა თავისი ეროვნული ინტერესებისთვის რეგიონში", - ნათქვამია განცხადებაში.
ხუთშაბათს, ამერიკელმა სენატორებმა ერთხმად მიიღეს რეზოლუცია, ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარების შესახებ.
ცოტა ხნის წინ, სომეხთა გენოციდის აღიარების რეზოლუცია მიიღო ასევე შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ.
იმისათვის, რომ ოტომანთა იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარება შეერთებული შტატების ოფიციალური პოზიცია გახდეს, კონგრესის ორი პალატის დამტკიცების შემდეგ მას ხელი პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს.
სომეხთა გენოციდი მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ აღიარა. პირველად ეს 1965 წელს ურუგვაის მიერ მოხდა. შემდეგ იყო საფრანგეთი, იტალია, ნიდერლანდები, ბელგია, პოლონეთი, ლიტვა, სლოვაკეთი, შვედეთი, შვეიცარია, საბერძნეთი, კვიპროსი, ლიბანი, კანადა, ვენესუელა, არგენტინა, ბრაზილია, ჩილე, ვატიკანი, ბოლივია, ჩეხეთი, ავსტრია, ლუქსემბურგი.
სომეხთა გენოციდი აღიარა ასევე ევროპარლამენტმა და ეკლესიათა მსოფლიო საბჭომ.
ზოგიერთი ისტორიკოსის მონაცემებით, 1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში 1,5 მლნ სომეხი მოკლეს. იმავე ისტორიკოსების მტკიცებით, ამ პერიოდში რეგულარულად მიმდინარეობდა ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის დევნა და მასობრივი მკვლელობა. ოსმალეთის იმპერიაში, სომეხი ერის გენოციდის ფაქტი ამ დროისთვის აღიარა 23-მა სახელმწიფომ, ასევე ევროპარლამენტმა და ეკლესიის მსოფლიო საბჭომ.
აშშ-მა ფაქტობრივად ცნო სომხების გენოციდი 1951 წელს, როდესაც ვაშინგტონმა შეიტანა განაცხადი გენოციდის მსხვერპლთა (სომხები, ებრაელები და პოლონელები) მხარდასაჭერად გაეროს საერთაშორისო სასამართლოში.
1981 წელს პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა ოფიციალურად გამოიყენა ეს ტერმინი, თუმცა მომდევნო პრეზიდენტებმა ამ ტერმინზე უარი თქვეს.
ანკარა მოითხოვს ტერმინის - "გენოციდის" ამოღებას და აცხადებს, რომ 1915 წელს თურქეთში განვითარებულ მოვლენებს ემსხვერპლნენ როგორც სომხები, ისე თურქები.