შეერთებული შტატების სენატმა მიიღო რეზოლუცია ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარების შესახებ. სენატში აღნიშნული რეზოლუცია მეოთხედ ინიცირების შემდეგ დამტკიცდა, წინა სამ შემთხვევაში მას სხვადასხვა სენატორი ბლოკავდა.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ სომხების გენოციდის აღიარებას მხარი დაუჭირა. ანალოგიური რეზოლუციები წლების განმავლობაში მზადდებოდა, თუმცა კონგრესმენების მხარდაჭერას ვერ იღებდა.
იმისათვის, რომ ოტომანთა იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარება შეერთებული შტატების ოფიციალური პოზიცია გახდეს, კონგრესის ორი პალატის დამტკიცების შემდეგ მას ხელი პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს.
ზოგიერთი ისტორიკოსის მონაცემებით, 1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში 1,5 მლნ სომეხი მოკლეს. იმავე ისტორიკოსების მტკიცებით, ამ პერიოდში რეგულარულად მიმდინარეობდა ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის დევნა და მასობრივი მკვლელობა. ოსმალეთის იმპერიაში, სომეხი ერის გენოციდის ფაქტი ამ დროისთვის აღიარა 23-მა სახელმწიფომ, ასევე ევროპარლამენტმა და ეკლესიის მსოფლიო საბჭომ.
აშშ-მა ფაქტობრივად ცნო სომხების გენოციდი 1951 წელს, როდესაც ვაშინგტონმა შეიტანა განაცხადი გენოციდის მსხვერპლთა (სომხები, ებრაელები და პოლონელები) მხარდასაჭერად გაეროს საერთაშორისო სასამართლოში.
1981 წელს პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა ოფიციალურად გამოიყენა ეს ტერმინი, თუმცა მომდევნო პრეზიდენტებმა ამ ტერმინზე უარი თქვეს.
დღეისათვის სომხების გენოციდი ადგილობრივ დონეზე ოფიციალურად აღიარებულია 50-დან 49 შტატში, მაგრამ ფედერალურ დონეზე ეს ჯერ არ მომხდარა.
თურქეთი კატეგორიულად უარყოფს ბრალდებას სომხების გენოციდს შესახებ და უკიდურესად მტკვინეულად რეაგირებს დასავლეთის მხრიდან ამ საკითხთან დაკავშირებულ კრიტიკაზე.
ანკარა მოითხოვს ტერმინის - "გენოციდის" ამოღებას და აცხადებს, რომ 1915 წელს თურქეთში განვითარებულ მოვლენებს ემსხვერპლნენ როგორც სომხები, ისე თურქები.