ხვალ, 4 ოქტომბერს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე 2011 წლის ბიუჯეტის განხილვის გრაფიკზე შეთანხმდებიან. ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში 30 სექტემბერს შევიდა.
მომავალი კვირიდან პარლამენტი მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის პროცესს იწყებს. ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე დეპუტატები ბიუჯეტის განხილვის გრაფიკზე შეთანხმდებიან.
მომავალი წლის საქართველოს ბიუჯეტი 7 მილიარდი ლარით განისაზღვრა და 2011 წელსაც პრიორიტეტებად კვლავ ჯანდაცვა, განათლება და სოციალური სფეროები რჩება.
ასევე თანხები გამოიყოფა და დასრულდება ყველა ის ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით უკვე დაწყებულია. საბიუჯეტი დეფიციტის შემცირება 6%-დან 4,5%-მდე, ეკონომიკური ზრდა კი 5,5%-ია დაგეგმილი.
მთავრობის საპარლამენტო მდივნის, გია ხუროშვილის განმარტებით, პირველი მოსმენისთვის აუცილებელი ბიუჯეტის ყველა პარამეტრია წარმოდგენილი, თუმცა მოგვიანებთ კიდევ დაკორექტირდება.
"2011 წლის ბიუჯეტი უკვე პარლამენტშია შემოსული და მასში ასახულია ყველა ის საკითხი, რომელიც პირველი მოსმენისათვის არის საჭირო, თუმცა, ჯანდაცვის მინისტრი ახალი დანიშნულია და ამ უწყების ბიუჯეტზე აქტიური მუშაობა და კონსულტაციები მიდის. არ გამოვრიცხავ, რომ ჯანდაცვის ბიუჯეტი გადაიხედოს. დამატებით დეტალებს პარლამენტს პირველი მოსმენისას ვაცნობებთ",- განაცხადა ხუროშვილმა.
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, მთავრობამ პარლამენტს პრეზიდენტთან ბიუჯეტის კანონპროექტი, უნდა წარუდგინოს არა უგვიანეს 1-ლი ოქტომბრისა. ბიუჯეტის პროექტში პარლამენტის შენიშვნების ასახვის მიზნით, არა უგვიანეს 22 ოქტომბრისა, პროექტი კვლავ მთავრობას უნდა გადაეგზავნოს, რომელმაც კორექტირებული პროექტი პარლამენტს უნდა დაუბრუნოს არა უგვიანეს 5 ნოემბრისა. ყველა აღნიშნული პროცედურის შემდეგ ბიუჯეტის პროექტი მთავრობას კიდევ ერთხელ დაუბრუნდება და საბოლოო ვარიანტი დამტკიცდება პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მიერ, პარლამენტის საშემოდომო სესის დასრულებამდე, არა უგვიანეს დეკემბრის მესამე პარასკევისა.