პარტია „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს კონსტანტინ კოსაჩევს შეხვდა და რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამო, რომლის სიტყვით გამოსვლას საქართველოს პარლამენტში, ანტისაოკუპაციო აქციები მოჰყვა, ბოდიში მოუხადა.
„არ მეშინია, ბოდიში მოვიხადო ამ აბსოლუტურად ამაზრზენი ინციდენტის გამო. მაპატიეთ, რომ გაწყვეტინებთ, მაგრამ ვერ დაგასრულებინებთ, ვიდრე ბოდიშს არ მოგიხდით, რადგან მიმაჩნია, რომ ეს უპირველესად, ქართველი ხალხის, ქართული სახელმწიფოს შეურაცხყოფაა“, - განაცხადა ბურჯანაძემ კოსაჩევთან შეხევდრაზე.
კოსაჩევმა, თავის მხრივ, ბურჯანაძეს ბოდიშის მოხდისთვის მადლობა გადაუხადა.
ნინო ბურჯანაძე მოსკოვში 3 დეკემბერს ჩავიდა. ის შეხვედრებს დუმის დეპუტატებსა და ხელისუფლების სხვა წარმომადგნელებთან მართავს.
თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია 19 ივნისს ავლაბრის ცერემონიების სასახლეში გაიხსნა. სესია 20 ივნისს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში გაგრძელდა. რუსეთის დუმის დეპუტატი, კომუნისტური პარტიიდან სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელიდან სხდომას გაუძღვა, რასაც დეპუტატებისა და საზოგადოების ფართომასშტაბიანი პროტესტი მოჰყვა. იმავე ღამეს, 20 ივნისს, პარლამენტის შენობის წინ ანტისაოკუპაციო აქცია გაიმართა, რომელიც ხელისუფლებამ სპეცრაზმის გამოყენებით დაშალა. გამოყენებული იყო ცრემლმდენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი. აქციის დარბევის შემდეგ მომიტინგეებმა სამი მთავარი მოთხოვნა წამოაყენეს - 2020 წელს პროპორციული საარჩევნო სისტემით საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა და აქციაზე დაკავებულების გათავისუფლება. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2020 წელს არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდებოდა და კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებაც შევიდოდა. 14 ნოემბერს პარლამენტმა 2020-ის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების კანონპროექტი ჩააგდო.
რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვა. ამასთან, მისი განცხადებით, საქართველოს პარლამენტმა მათ უნდა წარუდგინოს ანგარიში, თუ რა ზომები მიიღეს ინციდენტის შემდეგ. სერგეი გავრილოვმა აღნიშნა, რომ რუსული მხარე "დროულად რეაგირებს" და ახლა ელოდება "საერთაშორისო თანამეგობრობას, რადგან ეს საკითხი ეხება საერთაშორისო ორგანიზაციის წევრებისა და ზოგადად პარლამენტარების პატივისცემას."