ბერლინის 70-ე კინოფესტივალი საპატიო ოქროს დათვს ბრიტანელ კინოსა და თეატრის მსახიობს, ოსკაროსან ჰელენ მირენს გადასცემს. ინფორმაციას ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის პრესსამსახური ავრცელებს.
"ჰელენ მირენი არის მსახიობი მკაფიოდა გამოხატული ინდივიდუალობით, რომლის მიერ შექმნილი სახეები კინოში ყოველთვის შთამბეჭდავია. მის მიერ შესრულებული როლები ძლიერი ქალის პარადიგმაა და ჩვენთვის დიდი პატივია მისი პროფესიული მიღწევების გამო გადავცეთ საპატიო ოქროს დათვი", - თქვა კინოფესტივალის აღმასრულებელმა დირექტორმა მარიეტ რიზენბეკმა.
ოქროს დათვის გადაცემის ცერემონია გაიმართება 2020 წლის 27 თებერვალს Berlinale Palast-ში, სადაც ნაჩვენები იქნება ფილმი "დედოფალი/The Queen" ჰელენ მირენის მონაწილეობით.
ბერლინის კინოფესტივალზე ფილმები მთელი მსოფლიოდან მოდის და მათი შერჩევა საერთაშორისო ხასიათისაა.
საუკეთესო ფილმები ჯილდოვდება ოქროს დათვით, საუკეთესო რეჟისურის, საუკეთესო ქალის როლისა და საუკეთესო მამაკაცის როლისათვის განკუთვნილია ვერცხლის დათვი.
საპატიო ოქროს დათვი გადაეცემა კინოს სფეროში მოღვაწე პროფესიონალებს კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისათვის.