პარლამენტის აპარატთან მიმართებაში დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის საკითხს დაარეგულირებს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ხათუნა გოგორიშვილის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წამოდგენილი კანონპროექტი "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე".
პროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს საშუალება მიეცემა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები სამართლებრივი აქტით დაადგინოს.
კანონში ცვლილების შეტანა განპირობებული მასში არსებული ხარვეზით.
კერძოდ, მოქმედი რედაქციით, სამსახურში მიღებისას და დაწესებულების რეორგანიზაციისას მოხელისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები დგინდება შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ნორმატიული აქტით. პარლამენტის თავმჯდომარეს კი, რომელიც პარლამენტის აპარატისთვის დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ადგენს, ნორმატიული აქტის გამოცემის უფლება არ აქვს. სწორედ ამ ხარვეზის გასწორება ხდება წარმოდგენილი ცვლილებით.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვას.