ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია შიდა ქართლის რეგიონში "სადემარკაციო სამუშაოსთან" დაკავშირებით არსებულ განცხადებებს სწავლობს. 29 სექტემბერს, შიდა ქართლის რეგიონის სოფლებში, "საზღვრის სადემარკაციო სამუშაოს" თაობაზე გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ამ სოფლებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე სადამკვირვებლო ჯგუფები გააგზავნა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა ისაუბრეს ადგილობრივ
ხელისუფლებასა და ადგილობრივ მოსახლეობასთან და აღნიშნული ადგილები მოინახულეს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიიდან აცნობეს, ამ დროისთვის დიცში, ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს, სადამკვირვებლო ჯგუფებმა მიწაში ჩამაგრებული 4 თვითნაკეთი ფოლადის ნიშნული აღმოაჩინეს, მაგრამ ვერ შეძლეს "სადემარკაციო" საქმიანობის დამადასტურებელი დამატებითი მტკიცებულებების პოვნა სხვა ადგილებში.
"თუ დადასტურდა, რომ ეს არის ცალმხრივ დემარკაციაზე მიმართული პოლიტიკის ნაწილი, აღნიშნული ქმედებები მიუღებელი იქნება, რადგან ისინი ეწინააღმდეგება საქართველოს
ტერიტორიულ მთლიანობას", - ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებაში.