საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ევროკავშირს აგვისტოს ომში საქართველოსთვის გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდის, თუმცა აღნიშნავს, რომ მეორე საკითხია, რა გამოუვიდა ევროკავშირს, რადგან პრეზიდენტის თქმით, რუსეთი კვლავ არ ასრულებს 12 აგვისტოს შეთანხმებას. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ერთადერთი, ვინც იმ პერიოდში საქართველო გადაარჩინა, ეს ქართველი ხალხი იყო.
"მადლობა მინდა გადავუხადო ევროკავშირს, რომელიც შეეცადა აგვისტოს ომში ეთამაშა, თუმცა რამდენად გამოუვიუდა, ეს უკვე სხვა საკითხია, რადგან რუსეთს ჯერ კიდევ არ შეუსრულებია 12 აგვისტოს შეთანხმება და როგორც თვითონ აცხადებენ, ამ შეთანხმებას საერთოდ აღარ ცნობენ", - აღნიშნა პორეზიდენტმა. მისი თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, რომ საქართველო სრულ განადგურებას გადაურჩა, ეს ქართველი ხალხის დამსახურებაა, "ჩვენი მეგობრების თანადგომასთან ერთად".
პრეზიდენტმა გაიხსენა ამერიკული მხარის მიერ მე-6 სამხედრო ფლოტის გამოგზავნა, რომელიც სამხედრო-ჰუმანიტარული ხასიათის იყო, თუმცა სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მაშინდელმა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა სამხედრო თვალსაზრისით გარკვეული მინიშნებებიც გააკეთა.