ექსპერტ სოსო ცინცაძის შეფასებით, ნატო რუსეთთან ღია კონფრონტაციაზე არ წავა და ეცდება, კრემლი დაარწმუნოს, რომ მისი გაფართოება საფრთხეს არ უქმნის. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" სოსო ცინცაძემ ნატოს გენერალური მდივნის, ანდრეს ფოგ რასმუსენის პრესკონფერენციის შეფასებისას განაცხადა.
"ნატო ცდილობს რუსეთი დააჯეროს, რომ საქართველოს გაწევრიანება მისთვის საფრთხეს არ წამოადგენს. ნატო არ აპირებს ღია კონფრონტაციაზე წასვლას რუსეთთან. ასე იყო აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიის წევრი ქვეყნების შემთხვევაშიც, მაგრამ რუსეთი როცა ჯიუტი ბავშვივით პოზიციას არ თმობს, მაშინ უკვე ალიანსი გადაწყვეტილებას მოსკოვთან შეუთანხმებლად და მისი პოზიციის იგნორირებით იღებს", - განაცხადა ცინცაძემ.
მისი შეფასებით, ძნელი სათქმელია, რა პერიოდი დასჭირდება საქართველოს ალიანსში გასაწევრიანებლად, მაგრამ ეს უსასრულოდ არ გაგრძელდება.
"ნატო უკან არასდროს იხევს. ალიანსმა ვისი მიღებაც გადაწყვიტა თავის რიგებში, ყველა მიიღო. ახლა გადაწყვეტილია საქართველოს მიღებაც, მაგრამ აქ მთავარი ის არის, რომ ჯერ ჩვენ ამისთვის მზად არ ვათ", - განაცხადა ექსპერტმა და დასძინა, რომ როდესაც საქართველო ალიანსში გასაწევრიანებლად მზად იქნება, ნატო რუსეთის პოზიციას ანგარიშს აღარ გაუწევს.