"თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს საქართველო არასოდეს დათმობს", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნატოს გენერალუ მდივან ანდრეს ფოგ რასმუსენთან გამართული ერთობლივი ბრიფინგის დროს.
სააკაშვილი აცხადებს, რომ ამ საკითხებთან მიმართებაში კომპრომისი გამორიცხულია.
"საქართველო არის თვითკმარი, დამოუკიდებელი ქვეყანა. ეს არის ზუსტად რისკის ქვეშ. არასოდეს დავთმობთ ამ პოზიციებს - თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს. არ არსებობს კომპრომისი ამ საკითხებში", _ განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, ყველა სხვა საკითხთან მიმართებაში კომპრომისების გამონახვა შესაძლებელია.
"ჩვენ მოქნილები ვართ რუსეთთან მიმართებაში და ღიად ვსაუბრობთ რუსეთის ჩართულობაზე. ნორმალური, კარგი ურთიერთობა გვსურს ყველა მეზობელთან, მაგრამ არის ერთი საკითხი, რომელზედაც კომპრომისი დაუშვებელია - ეს არის თავისუფლება", _ აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.
მისი თქმით, ამ ფასეულობასთან მიმართებაში, ნატო ჩვენთვის არის ამ იდეის განსახიერება. ამიტომ არის ძალიან მყარი მხარდაჭერა საქართველოს მხრიდან და მთელი პოლიტიკური სპექტრის მხრიდან.