პარტია "ლურჯი და თეთრის" ლიდერის ბენი განცის განცხადებით, ის ვერ ახერხებს ისრაელის მთავრობის ფორმირებას, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა კიდევ ერთი არჩევნების ჩატარება გახდეს საჭირო.
ისრაელის პრეზიდენტმა რუვენ რივლინმა ბენი განცს მთავრობის ფორმირების მანდატი გასულ თვეს გადასცა.
მანამდე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვერ შეძლო მთავრობის ფორმირება და მისთვის გადაცემული მანდატი ისრაელის პრეზიდენტს დაუბრუნა.
ახლა კანონმდებლებს აქვთ 21 დღე იმისათვის, რომ დაასახელონ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი უმრავლესობის მხარდაჭერით.
სექტემბერში ჩატარებული არჩევნების შედეგების მიხედვით, ბენი განცის პარტიამ - "ლურჯი და თეთრი" (33 მანდატი) მანდატების მცირედი უპირატესობით გაუსწრო ნეთანიაჰუს პარტიას "ლიკუდი" (31 მანდატი).
პრეზიდენტმა რივლინმა მოუწოდა ორივე პარტიის ლიდერს, მიეღწიათ ეროვნული თანხმობისთვის მთავრობის ფორმირებისთვის, თუმცა მათ ვერ მოახერხეს ძალაუფლების დათმობა ან განაწილება.