ქართველმა მოჭადრაკე ქალებმა რუსეთის მეორე გუნდი დაამარცხეს.
ხანტი-მანსიისკში მიმდინარე ოლიმპიადაზე ქართველმა ქალებმა რუსები 2,5:1,5 დაამარცხეს.
ამ გამარჯვებით, ქართველმა ქალებმა კიდევ ოთხი გუნდის (ჩინეთი, უკრაინა, ინდოეთი, ბულგარეთი) მსგავსად, თავი 14 ქულას მოუყარეს, დამატებითი მაჩვენებლების მიხედვით კი მე-4 ადგილზე იმყოფებიან.
საქართველოს ნაკრებისთვის მიუწვდომელი მხოლოდ რუსეთის პირველი გუნდია, რომელსაც სამწუხაროდ, ჩემპიონობას ვეღარავინ წაართმევს.
მე-10 ტურში მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონების სტატუსით მოასპარეზე ქართველ ქალებს კიდევ ერთ ურთულესი დაპირისპირება ელით. მეტოქე მე-3 რეიტინგის მქონე უკრაინის ნაკრები იქნება, რომლის ღირსებასაც კატერინა ლაჰნო (2539), ნატალია ჟუკოვა (2499), ანა უშენინა (2466), ინა გაპონენკო (2469) და მარია მუზიჩუკი (2464) იცავენ.
ოლიმპიადაზე მეორე მარცხი განიცადა საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა, რომელიც საფრანგეთთან შეხვედრაში ფავორიტად არც მიიჩნეოდა და საბოლოოდ, 1.5:2.5 წააგო. ყაიმები ბაადურ ჯობავამ, მიხეილ მჭედლიშვილმა და ლევან ფანცულაიამ გააფორმეს, სებასტიენ ფელერის მიერ მეოთხე დაფაზე თამაზე გელაშვილის ძლევამ კი გამარჯვება ფრანგებს მოუტანა.
შედეგად, ქართველები 13 ქულით მე-7 პოზიციამდე დაქვეითდნენ და პირველ ადგილზე მყოფ უკრაინელებს უკვე 3 ქულით ჩამორჩნენ, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ნაკრები ტურნირზე მხოლოდ მე-20 განთესვით ასპარეზობს, გუნდის გამოსვლას წარუმატებელს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ.
მე-10 ტურში ქართველი ვაჟები მე-16 რეიტინგის მქონე ესპანეთს დაუპირისპირდებიან, რომელსაც ასევე 13 ქულა გააჩნია და დამატებითი მაჩვენებლებით, მე-9 საფეხურზეა.