ჩვენი პერმანენტული, უწყვეტი, პრინციპული, ერთიანი და მწვავე პროტესტით მივაღწევთ პროპორციულ არჩევნებს, რომელსაც აღარ ჩაატარებს ბიძინა ივანიშვილი. მან არ დაიმსახურა, რომ ჩვენ გადაგვიწყვიტოს, როგორ ვიცხოვროთ, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა, ელენე ხოშტარიამ ოპოზიციასა და საზოგადოებრივ ჯგუფებთან შეხვედრის შემდეგ.
„ამ არჩევნებს ჩავატარებთ ჩვენ, დროებითი მთავრობა ჩაატარებს და მერე თქვენ გადაწყვეტთ, ვინ გინდათ მთავრობაში და ვინ გინდათ ოპოზიციაში. აქ არავინ თვითნებობს, ეს აქცია არ ეკუთვნის არც ერთ ჯგუფს, არც ერთ პარტიას, არც ერთ ადამიანს. ჩვენ მთელი დღე გავატარეთ იმაში, რომ ვსაუბრობთ ყველა მოთამაშესთან და ყველა პარტიასთან, რომელთანაც ძალიან ბევრს ვკამათობთ, რომლებთანაც სამომავლოდ არც ვაპირებთ მთავრობაში ერთად ყოფნას, მაგრამ დღეს ყველას გვაქვს მთავარი ამოცანა - დავიბრუნოთ ჩვენი ქვეუყანა, გადავწყვიტოთ, ვინ გვმართავს და არა პირიქით.
ჩვენ ფეხს აქედან არ მოვიცვლით დღე და ღამეც, იქნება პიკეტირებაც, ბლოკირებაც და ყველა კონსტიტუციურ ჩარჩოში, მაგრამ ძალიან მწვავე პროტესტი, იმიტომ, რომ ეს მთავრობა უნდა გაირიყოს აქედან და გადაწყვეტილებას მივიღებთ ჩვენ“, - თქვა ხოშტარიამ.