პოლიტიკურად საკმაოდ მძაფრი, მაგრამ მხატვრული თვალსაზრისით ძალიან სუსტი ფილმი „სინონიმები“, რომელიც ებრაელმა რეჟისორმა ნადავ ლაპიდიმ პარიზში გადაიღო, 69-ე ბერლინალეს ჟიურიმ რატომღაც საუკეთესოდ მიიჩნია ფესტივალის მთავარი პრიზით - „ოქროს დათვით“ დააჯილდოვა, რასაც გამოკვეთილად ნეგატიური რეაქცია მოჰყვა ჟურნალისტებით სავსე კინოდარბაზში, სადაც დაჯილდოების საზეიმო ცერემონიას პირდაპირ ეთერში გადასცემდნენ. პარიზში ჩასული ახალგაზრდა კაცის ისტორია უფრო რეჟისორის სოციალურ-პოლიტიკური კომპლექსების დემონსტრაციაა, ვიდრე მთავარი გმირის ფრანგულ კულტურასთან იდენტობის მცდელობა.
არანაკლებ სკანდალური აღმოჩნდა „ვერცხლის დათვით“ ფრანსუა ოზონის დაჯილდოება. აშკარად კონიუნქტურული და შეიძლება ითქვას უსუსური ფილმი „მადლობა ღმერთს (ან „ღვთის მადლით", ასეც ითარგმნება), საკონკურსო ფილმებს შორის ჟურნალისტებმა ლამის ყველაზე ცუდად მონათლეს.
ალფრედ ბაუერის პრემია (კინემატოგრაფში ახალი გზებისა და ძიებისათვის) გერმანელ რეჟისორს, ნორა ფინშელდტს გადაეცა ფილმისათვის „სისტემის მსხვრევა“, ხოლო „ვერცხლის დათვით“ საუკეთესო რეჟისურისთვის, ასევე გერმანელი რეჟისორი ანგელა შანელეკი დააჯილდოვეს ფილმისათვის „მე სახლში ვიყავი, მაგრამ...“ რაც სხვათა შორის, ჟურნალისტებმა ასევე ხმამაღლა გააპროტესტეს.
ფესტივალის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი, ჩინელი რეჟისორის ვანგ ხიაო სუაის „ასე დიდხანს, შვილო ჩემო" მხოლოდ გამარჯვებულ მსახიობთა „ამარა“ დატოვეს.
„ვერცხლი დათვი“ საუკეთესო მსახიობი ქალისათვის ჟიურიმ იუნ მეის გადასცა, რომელიც მთავარ როლს თამაშობს ამ ფილმში. ამავე ფილმში მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის „ვერცხლის დათვით“ დააჯილდოვეს ვანგ ცინ ჩუნი.
„ვერცხლის დათვით“ საუკეთესო სცენარისათვის დააჯილდოვეს კლაუდიო ჯოვანეზი, რობერტო სავიანო და მაურიციო ბრაუჩი, ფილმისათვის „ნეაპოლის პირანიები“, რომელიც ნეაპოლის მაფიის ბავშვებზე დამღუპველ გავლენას გვიჩვენებს. ასევე „ვერცხლის დათვი“ საუკეთესო მხატვრული ხერხებისა და გამოსახულებისთვის გადაეცა ნორვეგიელ ოპერატორს, რასმუს ვიდებაეკს ფილმისათვის „ცხენების ქურდობა“ (რეჟისორი ჰანს პეტერ მულანდი).
ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი სიმბოლო (ისევე როგორც თავად ქალაქ ბერლინის), დათვია და, როგორც წესი, ის ყოველ წელს პოსტერებისა თუ პლაკატების მთავარი გმირია. თუმცა, წლევანდელი, რიგით 69-ე კინოფესტივალის ვიზუალური კონცეფცია აშკარად განსხვავდება წინა წლებისგან. პლაკატებზე აღარ არის გამოსახული ცოცხალი დათვი, მხოლოდ ხელოვნური დათვის ბეწვით შემოსილ ან დათვად გადაცმულ ადამიანებს ვხედავთ, რაც ცალსახა და არაორაზროვანი ეკოლოგიური მინიშნებაა. საინტერესო ის არის, რომ აქამდე ბერლინის ფესტივალის დირექტორს, დიტერ კოსლიკს ასეთი რადიკალური და „მწვანე“ ინციატივა არასოდეს გამოუჩენია.
2019 წელი ბატონ კოსლიკისთვის განსაკუთრებულია, რადგან მაისში ფესტივალთან ხელშეკრულების ვადა ეწურება და თვრამეტწლიანი მუშაობის შემდეგ დირექტორის პოსტის დატოვება მოუწევს. კოსლიკის ერა ნამდვილად არ ყოფილა ესთეტიკური თვალსაზრისით გამორჩეული ბერლინალეს ისტორიაში... თუ არ ჩავთვლით მის განსაკუთრებულ ვნებასა თუ აკვიატებას წითელი ხალიჩის გამოცოცხლებისა და მეორეხარისხოვანი ჰოლივუდის მიმართ. უფრო ხშირად კრიტიკოსები მას ბერლინის კინოფესტივალის ავტორიტეტის შელახვასა და თანამედროვე, ხარისხიანი კინემატოგრაფის იგნონირებაში ადანაშაულებენ
დიტერ კოსლიკის მემკვიდრეს ფესტივალი დამთავრებისთანავე დაასახელებს. როგორც უკვე ცნობილია, 2020 წლიდან ბერლინალეს იტალიელი კარლო შატრიანი უხელმძღვანელებს, რომელიც მანამდე ლოკარნოს ფესტივალის დირექტორი იყო და რომელიც, სხვათა შორის, ახალი ქართული კინოს დიდი გულშემატკივარია.
თეიმურაზ ჭუმბურიძე