ნუ მიაყენებთ ერთმანეთს შეურაცხყოფას, ცილს ნუ დასწამებთ, გიყვარდეთ ერთმანეთი, - თქვა კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების ტაძარში საკვირაო ქადაგებისას.
პატრიარქმა მოუწოდა მრევლს გაუფრთხილდნენ შვილებს, მშობლებს.
„არაერთხელ მითქვამს თქვენთვის, რომ მშობლების პატივისცემა ეს არის დიდი ნიჭი. პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა”, - თქვა პატრიარქმა.
ილია მეორემ ნიჭიერებაზე ისაუბრა და თქვა, რომ მისი თქმით, ადამიანი ქმნის ისტორიას, ნიჭიერი ადამიანი და ადამიანის გარეშე დედამიწა არაფერია.
„დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ამბობს, ისტორია თავისთავად კი არ მოდის, არამედ ადამიანი ქმნის ისტორიას, გავუფრთხილდეთ ადამიანს. ძალიან ზერელედ ვუყურებთ ადამიანის არსებობას. ქართველი არ აფასებს ნიჭიერ პიროვნებებს, უფრო სწორად, არ აფასებს კი არა, უარყოფს, თრგუნავს, ებრძვის ნიჭიერ ადამიანებს. უნდა გვახსოვდეს, რომ ის ნიჭიერი ადამიანები მოგვცა ჩვენ, რომ ხალხს დაეხმაროს უფალთან მისვლისთვის”, - თქვა პატრიარქმა და აღნიშნა, რომ არ არსებობს უნიჭო ადამიანი, საჭიროა მხოლოდ იმ ნიჭის გამონახვა.
„შეიძლება ნიჭიერი იყოს ტექნიკაში, მეცნიერებაში, სოფლის მეურნეობაში, მაგრამ უნიჭო ადამიანი არ არსებობს. მოძებნეთ თქვენი ნიჭი და ღმერთი დააგვირგვინებს მას დიდი წარმატებითა და დიდი შედეგებით. ნუ მიაყენებთ ერთმანეთს შეურაცხყოფას, ცილს ნუ დასწამებთ, გიყვარდეთ ერთმანეთი“, - თქვა პატრიარქმა.