კომპანია Universal-ი ცნობილი ზღაპრის "ფიფქიას" ახალ კინოვერსიას გადაიღებს
ფილმი გამოვა სახელწოდებით "ფიფქია და ტყის მცველი". სცენარს ფილმისთვის ივენ დოგერტი დაწერს, რეჟისორი კი რუპერტ სანდერსი იქნება.
როგორც სათაურიდან ირკვევა, "ფიფქიას" ახალ ვერსიაში ყურადღება ტყის მცველს დაეთმობა. ორიგინალურ ზღაპარში იგი მეორეხარისხოვანი პერსონაჟი იყო. ბოროტმა დედინაცვალმა მას ფიფქიას ტყეში წაყვანა და მოკვლა დაავალა. თუმცა ტყის მცველს გოგონა შეებრალა და გაუშვა.
ახალი ფილმის სცენარის თანახმად, ტყის მცველი ფიფქიასთან ერთად გაიქცევა. ორიგინალურ ტექსტში გოგონას პრინცი შეუყვარდება. სიუჟეტის ეს ელემენტი ახალ ვერსიაში შენარჩუნებულია. ტყის მცველი ფიფქიას მტერთან ბრძოლასა და რთულ პირობებში გადარჩენის საშუალებებს ასწავლის.
ინფორმაცია იმის შესახებ თუ რომელი მსახიობები დაკავდებიან პროექტში, ჯერჯერობით უცნობია. არც ფილმის გამოსვლის თარიღი სახელდება.