ქართველმა კაცი მოჭადრაკეებმა ბელორუსის ნაკრები დაამარცხეს და სამეულში დაბრუნდნენ.
ხანტი - მანსიისკში მიმდინარე საჭადრაკო ოლიმპიადის მე-8 ტურში ქართველმა კაც მოჭადრაკეებმა ბელორუსის ეროვნული ნაკრები 2,5:1,5 დაამარცხა.
ბელორუსთან შეხვედრაში, მერაბ გაგუნაშვილის მარცხის შემდეგ, ქართველები მძიმე მდგომარეობაში იყვნენ, თუმცა, დარჩენილ პარტიებში საქმე უკეთესობისკენ წავიდა.
პირველ დაფაზე გამარჯვებას ბაადურ ჯობავამ მიაღწია, თამაზ გელაშვილის ყაიმის შემდეგ კი გადამწყვეტი მიხეილ მჭედლიშვილისა და ევგენი პოდოლჩენკოს დაპირისპირება გამოდგა, რომელშიც ქართველი მოჭადრაკე ბრწყინვალედ გაისარჯა და გუნდს 2.5:1.5 მოაგებინა.
მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები სერბეთთან 1,5:2,5 დამარცხდა. ამ წაფორხილებამ ქართველი ქალ მოჭადრაკეები ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ. 8 ტურის თავზე 12 ქულა შერჩათ და მე-5 ადგილამდე დაქვეითდნენ.
ქართველმა ვაჟებმა კიდევ ხუთი გუნდის დარად 13 ქულა მოაგროვეს, დამატებითი მაჩვენებლების მიხედვით კი მე-3 პოზიციაზე დამკვიდრდნენ. ლიდერ უკრაინას ისინი ერთადერთი ქულით ჩამორჩებიან.
მომდევნო ტურში საქართველოს ქალთა ნაკრები დაუმარცხებელ რუსეთის მეორე გუნდს დაუპირისპირდება, რომელიც 13 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფება. ამ ნაკრებმა ხანტი-მანსიისკში სინგაპურს (4:0), თურქეთს (2.5:1.5), კუბას (2.5:1.5), რუმინეთსა (2.5:1.5) და აშშ-ს (3:1) აჯობა, გერმანიას, ირანსა და სომხეთს კი დაუზავდა.
მე-9 ტურში ქართველი კაც მოჭადრაკეები ფრანგებს გაეჯიბრებიან, რომელთაც ასევე 13 ქულით მე-7 საფეხურზე იმყოფებიან. საფრანგეთის ნაკრები უკრაინელთა გარდა ერთადერთია, რომელსაც ოლიმპიადაზე წაგება არ გააჩნია. მათ აქტივში 5 მოგება და 3 ფრეა.
შეგახსენებთ, რომ საჭადრაკო ოლიმპიადა 11 ტურად მიმდინარეობს და 3 ოქტომბერს დასრულდება, დასვენების დღედ კი 2 ოქტომბერია გამოყოფილი.
მასალის გამოყენების პირობები