საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ხანტი-მანსიისკში მიმდინარე ოლიმპიადის მე-7 ტურში ჩინეთის უძლიერესი გუნდი 2.5:1.5 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე გადაინაცვლა.
გადამწყვეტი სოფიკო ხუხაშვილისა და იუ ვანგის პარტია გამოდგა, რომელშიც ქართველმა მოჭადრაკემ 56-ე სვლაზე იმარჯვა, მანამდე კი ნანა ძაგნიძემ, ლელა ჯავახიშვილმა და სალომე მელიამ ყაიმები ითამაშეს.
კაც მოჭადრაკეები უკრაინის ძლიერ გუნდთან დამარცხდა. ქართველები ამ დამარცხების წყალობით 11 ქულით მე-7 ადგილამდე დაქვეითდნენ.
ქართველი ქალების მეტოქე შემდეგ ტურში სერბეთის ნაკრები იქნება. კაცების კი ბელორუსი იქნება, რომლებსაც ქართველების დარად 11 ქულა გააჩნიათ.
ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასის (იგი ქალთა და კაცთა ნაკრების ჯამური შედეგებით საუკეთესოს გადაეცემა) გათამაშებაში 26 ქულით პირველ ადგილზე რუსეთის პირველი ნაკრები იმყოფება, საქართველოს, უკრაინისა და უნგრეთის გუნდების აქტივში კი 23-23 ქულაა.
საჭადრაკო ოლიმპიადაზე 11 ტურის ჩატარაების შემდეგ 3 ოქტომბერს დასრულდება. 2 ოქტომბერი დასვენების დღედაა გამოცხადებული.