დღეს, 29 სექტემბერს, 18:00 საათზე, შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში საქართველო-გერმანიის საზოგადოების ორგანიზებით გაიხსნება ფოტოგამოფენა "საქართველო - მითი და რეალობა". გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება გერმანელი ფოტოგრაფის, ვოლფგანგ კორალისა და გურამ წიბახაშვილის ნამუშევრები, რომლებსაც საქართველოს თემა აერთიანებს.
გამოფენის სახელწოდება ფოტოგრაფების თემისადმი განსხვავებულ მიდგომას ასახავს. ვოლფგან კორალმა აირჩია თემა "მითი და სულიერება საქართველოში", გურამ წიბახაშვილმა კი არჩევანი ყოველდღიურ რეალობაზე შეაჩერა.
გამოფენაზე გამოტანილი ვოლფგანგ კორალის ფოტოები შექმნილია 2008-2009 წლებში და მისი ადრინდელი (1984-1988) ნამუშევრების, "სვანეთის" ერთგვარი გაგრძელებაა. ახალი სერია საქართველოზე 2008 წელს პროექტში "შეხვედრა ფიროსმანთან II" მონაწილეობისას გაჩნდა. სწორედ ამ დროს დაიგეგმა ფოტომოგზაურობები თუშეთში, ხევსურეთში, ხევში, კახეთში, რაჭაში, ლეჩხუმში, იმერეთში, მესხეთში, ჯავახეთში, თრიალეთში, ქართლსა და თბილისში.
გურამ წიბახაშვილის ფოტოები გადაღებულია ბოლო 5 წლის განმავლობაში და ისინი ერთგვარ დღიურს წარმოადგენს. ეს არის დოკუმენტური ფოტოები თემის გარეშე, რომლებიც საქართველოს ყოფას ფრაგმენტულად ასახავს.
გამოფენა 19 ოქტომბრამდე გაგრძელდება.