დღეს, თბილისის საკრებულოში ანსამბლ "რუსთავის“ 50 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა.
ღონისძიება თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტური კომისიის ინიციატივით დაიგეგმა.
საიუბილეო საღამო გია ყანჩელის მელოდიით გაიხსნა და მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით კომპოზიტორის ხსოვნას პატივი მიაგეს.
ღონისძიებას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი, საკრებულოს დეპუტატები, დედაქალაქის მერი კახა კალაძე და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.
მოწვეულ სტუმრებს სიტყვით საკრებულოს თავმჯდომარემ მიმართა. გიორგი ტყემალაძემ ანსამბლის წევრებს იუბილე მიულოცა და ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
"ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ლეგენდარულ ანსამბლ "რუსთავის“ 50 წლის იუბილეს თბილისის საკრებულოს ისტორიულ შენობაში აღვნიშნავთ. ვამაყობთ, რომ გვყავს ასეთი ლეგენდარული, აკადემიური დასი, რომელმაც მსოფლიო აღიარება მოუტანა ქართულ ფოლკლორს. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ანზორ ერქომაიშვილს გენიალური ინიციატივისთვის - დაეარსებინა ანსამბლი, რომელმაც აღადგინა და ახალ თაობებს შემოუნახა ქართული ფოლკლორის შედევრები. ამ პროფესიონალ, თავისი საქმის უბადლო ოსტატებს შორის არის ბატონი ფრიდონ სულაბერიძეც და მე მინდა მას მადლობა გადავუხადო, რომ დღესაც დიდი შემართებით უზიარებს მის მდიდარ გამოცდილებას ანსამბლ რუსთავის ქორეოგრაფიულ დასს“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
საკრებულოს თავმჯდომარემ, განათლებისა და კულტური კომისიის თავმჯდომარემ და თბილისის მერმა საიუბილეო საღამოზე ანსამბლ "რუსთავს”, მის დამაარსებელს ანზორ ერქომაიშვილს და ღვაწლმოსილ ქორეოგრაფს ფრიდონ სულაბერიძეს მადლობის სიგელები გადასცეს.
ანსამბლ “რუსთავის“ დამსახურებებზე ისაუბრა თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტური კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა. მისი თქმით, ანსამბლი თავისი სტილით ქართულ ტრადიციებს და ისტორიულ კოლორიტს ინარჩუნებს.
"დღეს ანსამბლ "რუსთავის“ 50 წლის იუბილეს აღვნიშნავთ. 1969 წელს, ავტორიტარული კომუნისტური წყობის პერიოდში, ანტიეროვნულ ეპოქაში საფუძველი ჩაეყარა ქართულ წამოწყებას და შეიქმნა ანსამბლი "რუსთავი“. „რუსთავი“ არის მეტი, ვიდრე ხელოვნება. ის ეროვნული და სახელმწიფო მნიშვნელობის საქმეა” - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
ღონისძიებაზე ანსამბლ „რუსთავის“ წევრებმა მათი რეპერტუარიდან რამდენიმე ნომერი შეასრულეს და თბილისის საკრებულოს საიუბილეო ანთოლოგიური გამოცემა "რუსთავი 50- 400 ქართული ხალხური სიმღერა“ გადასცეს.