5 ოქტომბერს, თბილისის მერიის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების ვარკეთილის მედიათეკაში, კინოკლუბი დაიწყებს ფუნქციონირებას.
კინოკლუბი განკუთვნილია 13-დან 17 წლამდე ასაკის მოსწავლეებისთვის. სულ გაიმართება 13 გაკვეთილი. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს მოზარდებში არაფორმალური და სახელოვნებო განათლების ხელშეწყობას და უზრუნველყოს შემდეგი უნარების განვითარება: კრიტიკული აზროვნება, ეფექტური კომუნიკაცია, ემოციების მართვა, ინტერპერსონალური ურთიერთობები და სოციალური პასუხისმგებლობა.
კინოკლუბი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ პროცესს: კინოს დაბადების ისტორიას, ძირითადი ჟანრების მიმოხილვას, ფილმის რეცენზიის, სცენარისა და აფიშების შექმნასა და კამერასთან მუშაობის სპეციფიკას. პროექტის დასკვნით ეტაპზე კლუბის წევრების მიერ შექმნილი და შერჩეული ერთი სცენარის მიხედვით თავად გადაიღებენ მოკლემეტრაჟიან ფილმს. გარდა ამისა, მოზარდები ყველა გაკვეთილზე ნახავენ ასაკზე მორგებულ, ფსიქოლოგთა და განათლების ექსპერტთა მიერ რეკომენდებულ, სხვადასხვა სოციალური თემატიკის ფილმებს. ჩვენების შემდეგ გაიმართება განხილვა.
კინოკლუბს გაუძღვებიან კინოსპეციალისტები: კინომცოდნე, საქართველოს ეროვნული კინოცენტრის პროექტის „კინო სკოლაში“ წამყვანი სპეციალისტი, ქეთევან გავვა, კინორეჟისორი და პროექტ „კინო სკოლაში“ წამყვანი სპეციალისტი, ვასიკო ჯანგებაშვილი და დრამატურგი რატი ქართველიშვილი.
„ვცდილობთ, ბავშვებს მხოლოდ კარგი კინო კი არ გავაცნოთ, არამედ ყოველი ფილმით და შემდგომი დისკუსიით, მათში თავისუფალი აზროვნების მარცვლები გავაღივოთ. თვალნათლივ შეიძლება დაინახო, ყოველი შეხვედრის შემდეგ, როგორ იცვლება მათი აზროვნება და ფართოვდება ცნობიერება. სწორედ ეს არის, ხელოვნების, ამ შემთხვევაში, კინოს ძალა. მოუთმენლად ველოდები ვარკეთილის მედიათეკის კინოკლუბის მონაწილეებთან შეხვედრას და იმედი მაქვს, საბოლოო შედეგი საუკეთესო იქნება“, - ამბობს ქეთევან გავვა.