პირველ ოქტომბერს რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე ნაჩვენები იქნება ედინბურგის ფრინჯ ფესტივალის გამარჯვებული სპექტაკლი ,,ვგავართ ჩვენ ლტოლვილებს?!"
ჩვენება თბილისის საერთაშორისო ფესტივალის ქართულ შოუქეისის ფარგლებში გაიმართება. როგორც ჩვენების ორგანიზატორები განმარტავენ, "ვგავართ ჩვენ ლტოლვილებს?!" არის ვერბატიმის ფორმით შექმნილი სპექტაკლი, რომელიც რუსთაველის თეატრის, Nნაციონალური თეატრისა და ბრიტანეთის საბჭოს ერთობლივი პროექტის ნაწილია. პროექტი მეორე წელია ხორციელდება BP-ს ფინანსური მხარდაჭერით.
აგვისტოში სპექტაკლი ნაჩვენები იქნა ედინბურგის ფესტივალზე Beyond Borders (საზღვრებს მიღმა) სადაც მან მიიღო შემდეგი პრიზები: ფესტივალის პირველი პრიზი (Fringe First Award 2010); ფესტივალი " Fringe Review " - ს ჯილდო საუკეთესო წარმოდგენისათვის და " Stage Newspaper " -გან ჯილდო ,,საუკეთესო დასი."
სპექტაკლი შექმნა ბრიტანელმა რეჟისორმა ალეკი ბლაითმა. ვერბატიმი ლათინური სიტყვაა და ნიშნავს -სიტყვა-სიტყვით, ზუსტად. ვერბატიმის წარმოდგენა ინოვაციური თეატრის ფორმაა, სადაც რეჟისორი რეალური ადამიანების საუბარს იწერს მათი შეხედულებების, ემოციების და მისწრაფებების შესახებ და მხატვრული ფორმით მიაქვს მაყურებლამდე.
ვერბატიმის ფორმით სპექტაკლის შექმნის იდეა პირველად 2009 წლის გაზაფხულის თვეში გაჩნდა. ეს უნდა ყოფილიყო სრულიად ახალი და განსხვავებული ჟანრი, როგორც ქართველი მაყურებლისათვის ისე თეატრში მოღვაწე პროფესიონალებისათვის. ამ მიზნით, საქართველოში მოწვეულ იქნა ალეკი ბლაითი, ვერბატიმის თეატრის თვალსაჩინო წარმომადგენელი ბრიტანეთში. ალეკი საქართველოს პირველად 2009 წლის შემოდგომაზე ეწვია და თავისი სპექტაკლისათვის შეარჩია ქართველი დევნილები, რომლებიც იძულებულნი გახდნენ სახლ-კარი მიეტოვებინათ 2008 წლის აგვისტოს ომის გამო. ერთი კვირის განმავლობაში ალეკი ბლაითი გორისა და წეროვანის დევნილებისაგან ინტერვიუებს იწერდა, რის შედაგადაც შექმნა შთამბეჭდავი ისტორიები, რომლებიც ამ ადამიანების იმედებსა და პრობლემებს ასახავს. 2009 წლის 6 დეკემბერს რუსთაველის თეატრმა უმასპინძლა ვერბატიმის პრემიერას სახელწოდებით ,,ვგავართ ჩვენ ლტოლვილებს?!''
სპექტაკლი შემდეგნაირად მიმდინარეობს: მსახიობების სცენიდან იმეორებენ ლტოლველთა იმ ისტორიებს, რომლებსაც ისინი ყურსასმენებით ისმენენ. წარმოდგენა ქართულ ენაზეა, ეკრანზე მოცემული ინგლისური სუბტიტრებით. ქართველი მსახიობები ზუსტად იმეორებენ არა მარტო სიტყვებს, არამედ საუბრის მანერას - იქნება ეს ჩახველება თუ შეყოყმანება, რამაც გააცოცხლა დევნილთა რეალური ამბები, რაც ედინბურგის ფესტივალის მაყურებლისათვის მრავლისმთქმელი აღმოჩნდა.
სპექტაკლი პირველ ოქტომბერს რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე 15:00 საათზე დაიწყება.