საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულების შეწყალების საქმეზე გამოძიება დაიწყო.
"საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა. დავით ოთხმეზური პეკინის გამზირისა და მიცკევიჩის ქუჩის კვეთასთან 2004 წლის 27 ოქტომბერს მოკლეს.
ასლან ბეჟანიძე პოლიციამ 12-წლიანი ძებნის შემდეგ, 2016 წლის 26 მარტს დააკავა, თუმცა თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა მაშინ ბრალდებული გაამართლეს.
მოგვიანებით, 2018 წლის 2 მარტს ასლან ბეჟანიძე კვლავ დააკავეს. ამავე წლის 29 მარტს კი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე, მას განზრახ მკვლელობისთვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც "ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის გამოყენებით შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის და 9 თვის ვადით.
მანამდე საქართველოს პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული რამაზ დევაძე შეიწყალა. რამაზ დევაძეს პოლიციელის მკვლელობისთვის 2015 წელის 18 სექტემბერს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
2014 წლის 27 დეკემბერს ბათუმის ერთ-ერთ ღამის კლუბში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ რამაზ დევაძეს პოლიციელ თარაშ მუკბანიანთან შელაპარაკება მოუვიდა. ჩხუბის დროს მას სამსახურებრივი იარაღი წაართვა და თავის არეში ჭრილობა მიაყენა. მუკბანიანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.