დღეს, 28 სექტემბერს, თბილისის მეორე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი "ივენთ-ჰოლში" ოფიციალურად გაიხსნება. ამის შესახებ თეატრალური ფესტივალის ორგანიზატორებმა თბილისის მერიაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
თბილისის საერთაშორისო ფესტივალის დირექტორის, ეკა მაზმიშვილის განცხადებით, ფესტივალი 29 სექტემბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. ფესტივალის პროგრამა მრავალფეროვანია. 29 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით თეატრის მოყვარულებს შესაძლებლობა ექნებათ ქართული სპექტაკლები იხილონ; 3 ოქტომბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით კი, თეატრალური ფესტივალის საერთაშორისო პროგრამით წარმოდგენილი იქნება 11 ქვეყნის 12 სპექტაკლი, კერძოდ, იტალიის, საფრანგეთის, რუსეთის, ინგლისის, ისრაელის და სხვა ქვეყნების თეატრების სპექტაკლები.
ფესტივალზე საქართველოს 26 თეატრის მიერ კი 36 სპექტაკლის ჩვენებაა დაგეგმილი, მათ შორის, რობერტ სტურუას და რეზო გაბრიაძის სპექტაკლებიც - "სტალინგრადის ბლოკადა" და "სტიქსი".
თეატრალურ ფესტივალს 5 ქართული თეატრი უმასპინძლებს - "რუსთაველის", "მარჯანიშვილის", "მუსიკისა და დრამის" და გრიბოედოვის სახელობის თეატრი, ასევე, "თავისუფალი თეატრი".
ფესტივალზე სხვადასხვა ქვეყნიდან 65 პროდიუსერი ჩამოვა. თეატრალური ფესტივალი თბილისის მერიის, კულტურის სამინისტროსა და სხვადასხვა კომპანიის სპონსორობით იმართება.