გოგი დოლიძეს დღეს 65 წელი შეუსრულდებოდა. ცნობილი ქართველი მომღერალი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი გოგი დოლიძე 1954 წლის 5 სექტემბერს დაიბადა.
ის 1961-1971 წლებში სწავლობდა თბილისის 24-ე საშუალო სკოლაში, პარალელურად სამუსიკო სასწავლებელში. 1976 წელს დაამთავრა თბილისის ი. ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი ინგლისური ენის სპეციალობით.
მუშაობდა კინოსტუდია ქართულ ფილმში მეთოდისტად.
1979 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე - საქართველოს ტელევიზიის ხალხური შემოქმედების რედაქციაში რედაქტორად, უფროს რედაქტორად, 1989 წლიდან - ამავე რედაქციის განყოფილების გამგედ.
1979-1996 წლებში მუშაობდა საქართველოს ტელერადიო კორპორაციის ხალხური შემოქმედების რედაქციაში. განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა 1980-1990 წლებში, როგორც შესანიშნავმა სოლისტმა და პარტნიორმა. 1976-1983 წლებში მღეროდა ფოლკლორულ ანსამბლ „ფაზისში", 1986 წლიდან კი ანსამბლ „ქართულ ხმებში". ამ ანსამბლთან ერთად გასტროლებით შემოიარა მრავალი ქვეყანა.
გოგი დოლიძე ძირითადად საესტრადო სიმღერების შემსრულებელი იყო. ამ ჟანრით გატაცება ხალხური სიმღერების მისეულ შესრულებაშიც აისახა და განსაკუთრებული ელფერი შესძინა.
გარდაიცვალა 1996 წლის 8 მარტს. გარდაცვალების შემდეგ, 1999 წელს გოგი დოლიძე მეოცე საუკუნის საუკეთესო ქართველ მომღერალ მამაკაცად დაასახელეს. თბილისში, 24-ე სკოლის წინ, სადაც ის სწავლობდა, დაიდგა მისი ბიუსტი.