ლეგენდარული პერუელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი მარიო ვარგას ლიოსა სექტემბერში საქართველოში აღარ ჩამოვა.
აღნიშნული ინფორმაცია "მწერალთა სახლის" დირექტორმა ნატა ლომოურმა "რადიო თავისუფლებას" დაუდასტურა.
ლომოურის თქმით, ზუსტი მიზეზი მწერლის ვიზიტის გაუქმებისა, მისთვის უცნობია.
"ჩემთვის უცნობი მიზეზების გამო, ლიოსა სექტემბერში აღარ ჩამოდის. ამჯერად მიმდინარეობს მოლაპარაკება ახალ თარიღზე. ლიოსას საქართველოში ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი წიგნის ეროვნული ცენტრი იყო. წიგნის ცენტრის გაუქმების შემდეგ, ახლა უკვე "მწერალთა სახლმა" გადაიბარა ეს ფუნქცია და ლიოსას აგენტს ვთხოვეთ ახალი თარიღის შეთანხმება.
იმედია, რომ დასახელდება ახალი თარიღი. მოლაპარაკებები გრძელდება, მაგრამ ძალაში დარჩება თუ არა მისი საქართველოში ჩამოსვლის პირობა, სამწუხაროდ, არ ვიცი", - თქვა ნატა ლომურმა „რადიო თავისუფლებასთან" საუბარში.
1936 წელს პერუში დაბადებული მარიო ვარგას ლიოსა ცნობილია არა მხოლოდ, როგორც ლიტერატორი, არამედ როგორც თანამედროვე მსოფლიოს უდიდესი მოაზროვნე. ერთ-ერთი გამორჩეული სამხრეთამერიკელი ავტორი აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 1990 წელს ის მონაწილეობდა პერუს საპრეზიდენტო არჩევნებში მემარჯვენე-ცენტრისტული კოალიციის მხარდაჭერით, თუმცა ალბერტო ფუხიმორისთან დამარცხდა. მწერალმა 1993 წელს პერუ დატოვა, ორმაგი მოქალაქეობა მიიღო და ესპანეთში გადასახლდა.
მარიო ვარგას ლიოსა 20-მდე რომანის, უამრავი მოთხრობის, სამეცნიერო და პუბლიცისტური ნაშრომისა და პიესის ავტორია. მიღებული აქვს არაერთი პრიზი, მათ შორის, სერვანტესის სახელობის პრემია -- ყველაზე მნიშვნელოვანი ესპანურენოვან სამყაროში. 2010 წელს კი გადაეცა ნობელის პრემია ლიტერატურაში.
ქართულ ენაზე უკვე თარგმნილი და გამოცემულია ლიოსას ხუთი წიგნი - "ცუდი გოგოს ოინები", "ვაცის ნადიმი", "ქალაქი და ძაღლები", "ხუთი კუთხე", "დეიდა ხულია და სცენარისტი".