ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების რიგით მეშვიდე ფესტივალი, ცნობილი ქართველი პიანისტის ელისო ბოლქვაძის კონცერტით საზეიმოდ გაიხსნა.
კონცერტში მონაწილეობა ფესტივალზე სპეციალურად მოწვეულმა ცნობილმა იტალიელმა გიტარისტმა კლაუდიო მანსუტიმ მიიღო.
ბათუმის ფესტივალის ორკესტრს მაესტრო დავით მუქერია ხელმძღვანელობდა.
კონცერტზე შესრულდა ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის, ხოაკინ როდრიგოსა და კამილ სენ სანსის კლასიკური შედევრები.
ღონისძიების დასრულების შემდეგ, მოწვეული სტუმრებისთვის მიღება გაიმართა, რომელზეც ახალგაზრდა ნიჭიერი დიზაინერის ლაშა დევდარიანის კოსტუმების გამოფენა მოეწყო.
ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი, ერთადერთი კულტურული ღონისძიებაა, რომელიც UNESCO-ს მაღალი პატრონაჟით იმართება.
ფესტივალი წელს განსაკუთრებული მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად კლასიკური მუსიკის მსოფლიო ვარსკვლავები და ახალგაზრდა ვირტუოზები ეწვივნენ ბათუმს.
ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებები.
ფესტივალი 10 სექტემბერს ახალგაზრდა ვირტუოზების კონცერტით დასრულდება.