28 აგვისტოს კლასიკური მუსიკის ფესტივალის „ღამის სერენადების“ მესამე საკონცერტო დღეს ქართველი კომპოზიტორების სულხან ცინცაძის და ვაჟა აზარაშვილის ნაწარმოებები შესრულდა.
მევიოლინე ანა–ლიზა ბეზროდნიმ და ჩელისტი იან–ერიკ გუსტავსონმა შეასრულეს ბენჯამინ ბრიტენის უბრალო სიმფონია, პაბლო სარასატეს კარმენ ფანტაზია, სულხან ცინცაძის მინიატურები და ვაჟა აზარაშვილის კონცერტი ჩელოსთვის.
ფესტივალი ლიანა ისაკაძემ დააფუძნა, ღონისძიების სამხატვრო ხელმძღვანელები გიორგი და ლიანა ისაკაძეები არიან. ფესტივალის მთავარი დირიჟორია ვახტანგ მაჭავარიანი. ”ღამის სერენადების” საბაზო ორკესტრია „საქართველოს ვირტუოზები”.
28 აგვისტოს ღონისძიებით დასრულდება „ღამის სერენადების“ ბათუმში დაგეგმილი კონცერტები. 2 სექტემბრიდან ფესტივალი თბილისში, კონსერვატორიის დიდ დარბაზში გადაინაცვლებს.
მაია ხაჯაშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი:
„მოხარულები ვართ, რომ ფესტივალის პარტნიორები ვართ. პროგრამა ძალზედ მრავალფეროვანი პროგრამა და გამორჩეული იყო. შეიძლება ითქვას, რომ ამ ფესტივალმა ტურისტული სეზონი გაალამაზა. ღონისძიებაზე ბევრი სიუპრიზი ვიხილეთ. მისი უნიკალურობა ისაა, რომ ყოველ წელს, ცნობილი მუსიკოსების მოსმენასთან ერთად, ახალგაზრდა შემსრულებლების აღმოჩენის საშუალება გვეძლევა.
კიდევ ერთხელ მადლობა ფესტივალის დამფუძნებლებსა და ორგანიზატორებს, რომ ასეთი ლამაზი საღამოები აჩუქეს ბათუმს. ვისურვებდი, რომ მალე დადგეს დრო, როცა „ღამის სერენადები“ ისევ აფხაზეთში გაიმართება.