CNN Travel-ი კაცხის სვეტის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. მსოფლიოს წამყვანი ტელეკომპანია იმერეთის რეგიონში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე მოგზაურობის შესახებ გვიყვება.
სტატიაში აღნიშნულია, რომ დედაქალაქიდან 200 კილომეტრით დაშორებულ სანახაობამდე მისვლა არც ისე მარტივია. ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ძეგლის სიახლოვეს მატარებლები არ მოძრაობენ და ტურისტებს ავტობუსის ან მანქანის გამოყენება დასჭირდებათ, მაგრამ როგორც ისინი ამბობენ, ეს ამად ღირდა.
გორაზე ასვლის შემდეგ მონოლითურ კონსტრუქციას აღმოაჩენთ, რომელიც მიწიდან 40 მეტრის სიმაღლეზე „მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე იზოლირებულ და წმინდა მონასტერში მიგიყვანთ", - წერს ჟურნალისტი.
ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ კაცხის სვეტი უნიკალურია და მის წვერზე გაშენებულია ეკლესია მე-6 მე-8 საუკუნეებით თარიღდება. მისი თქმით, სვეტის წვერზე ეკლესიასთან ერთად ღვინის მარანი, სარდაფი და სამი დამოუკიდებელი მოსასვენებელი ოთახია.
ჟურნალისტი გაკვირვებით აღნიშნავს, რომ ყოველ დღე ბერები რკინის 40-მეტრიან კონსტრუქციას გადიოდნენ, რათა ელოცათ და ღმერთთან ახლოს ყოფილიყვნენ.
ჟურნალისტმა მამა მაქსიმე ქავთარაძე გაიხსენა, რომელმაც 2015 წლამდე სიცოცხლის უკანასკნელი 20 წელი მონასტერში გაატარა და სვეტზე ეკლესიას რეაბილიტაცია ჩაუტარა.
სტატიაში ნათქვამია, რომ სვეტი დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე წმინდა ადგილია და მასზე ასვლის უფლება მხოლოდ მამაკაცებს აქვთ. იქვე აღნიშნულია, რომ ისტორიის არცერთ მონაკვეთში, მათ შორის ახლაც, სვეტის თავზე ასვლის უფლება არცერთ ქალს არ ჰქონია.
CNN-თან საუბარში მონასტრის წინამძღოლი ილარიონმა აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება კაცხის სვეტს სიწმინდეს შეუნარჩუნებს.