საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ იგი თავისი გუნდის დახმარებას კვლავ გააგრძელებს, თუმცა ამჟამად მომავალ პროფესიებზე ნაკლებად ფიქრობს. ამის შესახებ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ტელეკომპანია "ალ ჯაზირასთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე - აპირებს თუ არა 2013 წელს საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ პრემიერის პოსტის დაკავებას, სააკაშვილმა უპასუხა, რომ "ახლა იმაზე უფრო ვართ კონცენტრირებული რა მოხდება 2013 წლამდე და ნაკლებად იმაზე, როგორ განვითარდება მოვლენები 2013 წლის შემდეგ".
"არა. პირველ ყოვლისა მინდა ავღნიშნო, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გადავიტანეთ. დაძაბულობები, ემბარგო, ომი, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი. ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარება შეუქცევად პროცესად ვაქციოთ. ჩამოვაყალიბოთ მდგრადი პოლიტიკური სისტემა, რომელიც დემოკრატიულ და ევროპულ სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში იქნება", _ განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, 2013 წლისთვის საქართველოში ძალაუფლების მხოლოდ ერთი ცენტრი არ იქნება, რადგან ძლიერდება პარლამენტის როლს, ამასთან დარჩება პრეზიდენტის ძლიერი ინსტიტუტიც, მაგრამ "მე არ შემძლება არჩევნებში მონაწილეობის მიღება".
"პარლამენტი შეძლებს მთავრობის სრულ კონტროლს და შესაძლოა პრემიერები პრეზიდენტებთან შედარებით უფრო ხშირად შეიცვალონ. ასეთი იქნება ქართული პოლიტიკური სისტემა. როგორც უკვე ვთქვი, ჩვენი გუნდის ძალისხმევა და გეგმები 2013 წლამდე პერიოდზეა ფოკუსირებული და მე მოხარული ვიქნები და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩვენი, რეფორმატორთა ჯგუფი, ის იდეოლოგია და პროგრამა, რომელმაც საქართველოს წინსვლა უნდა უზრუნველყოს დარჩეს", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილმა არ დასახელა რა ფორმით აპირებს თავის გუნდის დახმარებას, თუმცა აღნიშნა, რომ "ახლა ჩემს მომავალ პროფესიებზე ნაკლებს ვფიქრობ, ისე კი რა თქმა უნდა ცხოვრებისეული დიდი გემები გამაჩნია".