საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ყინწვისის ღმრთისმშობლის გუმბათიან ეკლესიაში ადგილობრივი სასულიერო პირების მიერ ახალი იატაკის ფენილის მოწყობას თვითნებობად და უკანონობად აფასებს.
„სახელმწიფო ინსტიტუციებისა და სათანადო სარესტავრაციო მეთოდოლოგიის აბსოლუტური უგულველყოფით შესრულებული სამუშაოები სრულ წინააღმდეგობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და ძეგლთა დაცვით პრინციპებთან. ის უხეშად ხელყოფს ზოგადეროვნულ ფასეულობას და მნიშვნელოვან აზიანებს კულტურულ მემკვიდრეობას.
უშედეგო აღმოჩნდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხრვ უნებართვო სამუშაოების დროულად აღკვეთის არაერთი მცდელობა. უწყების ზედამხედველობის სამსახურის ჯგუფი ადგილობრივი მღვდელმსახურების მიერ არ იქნა დაშვებული სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, რამაც კანონით განსაზღვრული ქმედებების აღსრულება შეუძლებელი გახადა. ადგილობრივი სასულიერო პირების ინიციატივით დაწყებული პროცესი არ შეჩერებულა არც საქართველოს საპატრიარქოს მაღალი იერარქიის პირების საჯარო განცხადებების შემდეგ, რომელის თანხვედრაში იმყოფებოდა სააგენტოს პოზიციასთან.
განხორციელებული სამუშაოები უკანონო ქმედებად შეფასდა საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის საბჭოს და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ადრექრისტიანული და შუასაუკუნეების კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლთა საბჭოს მხრიდანაც, რომელიც 2 დღის წინ სამონასტრო კომპლექსზე ერთობლივად იმყოფებოდა. მათი ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, ახლადმოწყობილი იატაკი დემონტაჟს და ნეიტრალური ფერის ქვის კვადრებით, ქართული შერეული სტილით მოწყობას საჭიროებს.
ძეგლთა დაცვითი პრინციპებიდან გამომდინარე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ საკითხზე შემდგომი რეაგირება საქართველოს საპატრიარქოს წერილობით სთხოვა.
ყინწვისის ღმრთისმშობლის გუმბათიან ეკლესიაში XX საუკუნის 70-იანი წლების ქვის იატაკი განვლილ დღეებში შეიცვალა. სამუშაოები საქართველოს საპატრიარქოს ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრთან და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან შეუთანხმებლად წარიმართა. კანონდარღვევით მიმდინარე პროცესს არ ჰყოლია არქეოლოგიური ზედამხედველი.
უნებართვო სამუშაოების შედეგად არსებულ იატაკზე, თარაზულად მოსწორებულ ცემენტის ზედაპირზე არატრადიციული წყობითაა დაგებული ძვირადღირებული მარმარილოს მსხვილი, მართკუთხა ფილები, რაც იატაკის დონეს არსებულთან შედარებით რამდენიმე სანტიმეტრით მაღლა სწევს და დარბაზში არსებულ საფლავის ქვას სცდება. იატაკის ახალი საფარი სრულ შეუსაბამობაშია ტაძრის ინტერიერის მხატვრულ არქიტექტურულ სახესთან და თავისი სარკისებრი ზედაპირით უხეშად აკნინებს კედლებზე შემორჩენილ XIII საუკუნის დასაწყისის კედლის უნიკალურ მხატვრობას. სარესტავრაციო მეთოდოლოგიის დარვევითაა მოწყობილი ამბიონის საფეხური, რომელიც მასიური ქვის ნაცვლად მომცრო ფილებით არის მოპირკეთბული. დიდი ალბათობით, უნებართვო და არასათანადო ჩარევის რისკის ქვეშ იმყოფება ყინწვისის გვიანი შუა საუკუნეების დროინდელი კანკელიც.
რუის-ურბნისის ეპარქიასთან ურთიერთობის ნორმალიზების პირობებში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მზადაა კვალიფიციური სპეციალიტების რეკომენდაციებზე დაყრდნობით უზრუნველყოს ყინწვისის სამონასტრო კომპლექსის მეთოდოლოგიურად მართებული სარეაბილიტაციო პროექტის მომზადება და მისი განხორციელების ზედამხედველობა, რომელიც ღმრთისმშობლის გუმბათიან ეკლესიაში იატაკის ფენილის რეაბილიტაციასთან ერთად, სხვა პრობლემურ მიმართულებებსაც მოიცავს“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.