ხელბურთში, ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატზე, საქართველოს გოგონათა ნაკრებმა მეორე მატჩი მოიგო. ქართველმა ხელბურთელებმა ჩემპიონატზე, ლატვია 24 - 21 დაამარცხეს და ნახევარფინალში გასვლის შანსი შეინარჩუნეს.
თამაში ძალიან მძიმე აღმოჩნდა. თავდაპირველად, საქართველო 8-4 დაწინაურდა, თუმცა წინა მატჩის საუკეთესო მოთამაშე, ლიზა ჩხაიძე კონტრშეტევაში წასულ მეტოქეს უნებურად შეეჯახა, წააქცია და წითელი ბარათი მიიღო. ლატვიის მაღალმა უკანახაზელებმა, სტანკევიჩამ და ციბულსკამ ანგარიშის შემცირება დაიწყეს, თუმცა, ტაიმი მაინც ორბურთიანი უპირატესობით 11-9 დასრულდა.
თამაში შემოაბრუნეს ანა ჩხაიძემ, რომელიც 8 გოლით ყველაზე შედეგიანი იყო, გამთამაშებელმა თამარ ბურკაძემ, ნინო გაგნიძემ, რომელმაც მნიშვნელოვან მომენტებში აუღელვებლად შეაგდო ორი შვიდმეტრიანი და მეკარე ჯიქურაშვილმა, რომელსაც 14 მოგერიებული ბურთი დაუგროვდა და მატჩის საუკეთესო მოთამაშის პრიზიც მიიღო.
საბოლოოდ, ანა ჩხაიძემ საქართველოს ნაკრები წინ გაიყვანა. მხოლოდ ლანა გოგიას მიერ გატანილი ოცდამესამე გოლის შემდეგ გახდა ცხადი, რომ საქართველოს ნაკრები იმარჯვებდა. ბოლო ბურთი კი ზედ ბოლო წამზე, ჩხაიძემ გაიტანა.
ჯგუფში შვეიცარიამ 42-15 მოუგო ფინეთსა და ლიეტუვას. შვეიცარიას, საქართველოსთან ერთად, 4 ქულა აქვს.
ნახევარფინალში გასასვლელად საქართველოს ნაკრებს, ჯგუფის აშკარა ფავორიტ შვეიცარიასთან მინიმუმ ქულა სჭირდება, ისიც იმ შემთხვევაში, თუ ლიეტუვა ფინეთთან წააგებს. ამოცანა ურთულესია, მით უფრო, რომ ლიზა ჩხაიძე შვეიცარიასთან მატჩს წითელი ბარათის გამო გამოტოვებს. სხვა შემთხვევაში გუნდი ბრძოლას მე-5-8 ადგილებისთვის განაგრძობს.