საქართველოს ქალ და ვაჟ მოჭადრაკეთა ნაკრებები, ოლიმპიადაზე წარმატებულ თამაშს აგრძელებენ.ხანტი-მანსიისკში მიმდინარე საჭადრაკო ოლიმპიადაზე, მათ სამ ტურში სამი გამარჯვება მოიპოვეს და ლიდერთა შორის იმყოფებიან.
გასულ ტურში საქართველოს ქალთა ნაკრები ყაზახებს დაუპირისპირდა და 3:1 იმარჯვა. ნანა ძაგნიძემ და სალომე მელიამ პარტიები თეთრი ფიგურებით მოიგეს, ლელა ჯავახიშვილი და ბელა ხოტენაშვილი კი შავებით ყაიმს დასჯერდნენ.
ქალთა შეჯიბრში მაქსიმალური შედეგი 11 ნაკრებს გააჩნია, დამატებითი მაჩვენებლებით კი ქართველები მხოლოდ უკრაინის გუნდს ჩამორჩებიან.
ვაჟთა გუნდი მექსიკასთან დაპირისპირებაში ფავორიტად მოიაზრებოდა, პირველ დაფაზე ბაადურ ჯობავას მარცხის შემდეგ, მეტად რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. საკუთარი პარტიები ლევან ფანცულაიამ და თამაზ გელაშვილმა მოიგეს, მერაბ გაგუნაშვილმა კი ყაიმი გააფორმა და საქართველომ 2.5:1.5 იმარჯვა.
მე-4 ტურში ქართველ ქალებს უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ელით. მათი მეტოქე რუსეთის პირველი გუნდი იქნება. ვაჟები კი მე-4 ტურში ნორვეგიას დაუპირისპირდებიან.