ყველაფრის მიუხედავად, რაც საქართველომ 2008 წელს გადაიტანა, ქვეყანა გადარჩა, _ ამის შესახებ გაეროს 65-ე გენერალური ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
"მე მოგმართეთ ორი წლის წინ, როდესაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უცხოელ დიპლომატებს განუცხადა, რომ მისი მიზანი იყო საქართველოს საბოლოო განადგურება, ძალიან ცოტა ადამიანს სწამდა, რომ საქართველო გადარჩებოდა, როგორც დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფო. ძალიან ცოტა ადამიანი ფიქრობდა, რომ ჩემი ხელისუფლება გაძლებდა; რომ ჩვენი ეკონომიკა გადაიტანდა ომს და მსოფლიო კრიზისს; რომ ჩვენი რეფორმები გაგრძელდებოდა ახალი ენერგიით; ან რომ ჩვენ ურყევი პროგრესით წავიდოდით წინ ევროკავშირისა და ევრო-ატლანტიკური სტრუქტურებისკენ".
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ყველა წინააღმდგობის მიუხედავად ქყეყანა გადარჩა.
"მეამაყება გითხრათ, რომ ორი წლის შემდეგ ჩვენ მივაღწიეთ წარმატებას. ქართველი ხალხის თავდადების წყალობით, მეგობრებისა და მეკავშირეების ძალისხმევის დამსახურებით, დღეს საქართველო დაბრუნდა. უპირველეს ყოვლისა, საქართველო დაბრუნდა, საქართველო დაბრუნდა, როგორც პოლიტიკური რეფორმებისა და სოციალური გარდაქმნების ლაბორატორია".
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ვარდების რევოლუციის მიზნების განსახორციელებლად.
"როგორც არასდროს, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ვარდების რევოლუციის მიზნების განსახორციელებლად, რათა არშემდგარი სამხელმწიფოდან ვიქცეთ ერთიანი ევროპული ოჯახის წევრებად", - განაცხადა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ, შვიდი წლის განმავლობაში, გატარებული რეფორმების შედეგად და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების დადასტურებად იქცა მაისში გამართული თვითმმართველობის არჩევნები.
"ეს ძალისხმევა უნდა გაგრძელდეს და გაგრძელდება, რადგან კიდევ ბერი რჩება გასაკეთებელი. ჩვენი მიზანი ნათელია, შევქმნათ ლიბერალური დემოკრატიული მართვის უფრო ინსტიტუციონალიზებული სისტემა", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.