ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ" ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალის გრანპრი გადაეცა, იუწყება საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი.
ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალი უკრაინაში 12-20 ივლისს გაიმართა.
ლევან აკინის ფილმი საიუბილეო, მეათე ჩვენებაზე სრულმეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო პროგრამაში იყო ნაჩვენები. ამ კატეგორიაში მას ოპონირებას უწევდა აშშ-ის, ჩინეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, დანიის, ფინეთის და სხვა ქვეყნის რეჟისორების 11 ფილმი. ქართული ფილმის გარდა, გრან-პრი გადაეცა უკრაინელი რეჟისორის, ნარიმან ალიევის ფილმს „შინისაკენ“ (Homeward).
კინოფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ" (And Then We Danced) ქართული კომპანია Takes Film-ისა და შვედური კომპანია French Quarter Film-ის კოპროდუქციაა. ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა მოცეკვავე მერაბის შესახებ, რომელიც რადიკალურად იცვლება მას შემდეგ, რაც თავისი ამბიციური მეტოქე ირაკლი შეუყვარდება. ლევან გელბახიანთან ერთად ფილმში თამაშობენ ანა ჯავახიშვილი და ბაჩი ვალიშვილი.
მთავარი როლის შემსრულებელი ლევან გელბახიანი 2019 წლის კანის ფესტივალის „გამაოგნებლად ნიჭიერთა" ნუსხაში შეიყვანეს ისეთი მსახიობების გვერდით, როგორებიც არიან ანტონიო ბანდერასი, უილიამ დეფო, რობერტ პატინსონი.