ბილ ტაუბი იყო NASA-ს პირველი მთავარი ფოტოგრაფი, რომელმაც აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს ყველა მასშტაბური პროექტი გადაიღო, მათ შორის “მერკური“, „გემინი“ და ლეგენდარული „აპოლო“.
ტაუბის 17 წლის ასაკში NACA-ში (აერონავტიკის ეროვნული მრჩეველთა კომიტეტი) შესთავაზეს სამსახური. „ლეიკას“ ფოტოაპარატით, სულ მალე მან წარმატებით გადაიღო რაკეტების შიგთავსი. აღსანიშნავია, რომ NACA-ს ფოტოგრაფები მანამდე ამას ვერ ახერხებდნენ, რადგან არასწორ მოწყობილობებს იყენებდნენ.
„მე ვიყავი არტისტი, მე ვიყავი მოყვარული ფოტოგრაფი და ვეძებდი ისეთ ობიექტებს რომლებიც ყველაფრისგან განსხვავდებოდა“,- განაცხადა ფოტოგრაფმა NASA-ს სათავო ოფისში, ერთ-ერთ ინტერვიუში.
მოგვიანებით, NASA-ს მაშინდელმა ხელმძღვანელმა ახალგაზრდა ბიჭს პროექტებში მონაწილეობა და სრული შემოქმედებითი თავისუფლება შესთავაზა. დანარჩენი კი უკვე ისტორიის ნაწილია...
„მე მქონდა პრივილეგია, რომ ვყოფილიყავი იქ და გადამეღო ეს კადრები. მე ვცდილობდი მთელი ჩემი არსით სრულყოფილი კადრების მიღებას, რადგან ვხვდებოდი, რომ ის რაზეც ვმუშაობდი ისტორიაში უზარმაზარ ადგილს დაიმკვიდრებდა“,- განაცხადა ფოტოგრაფმა ერთ-ერთ ინტერვიუში.
ბილ ტაუბი იყო ერთ-ერთი ბოლო ადამიანი, რომელიც ასტრონავტებმა მთვარეზე გაფრენისა და რაკეტის ორბიტაზე გაგზავნის წინ დაინახეს. მას ზედმეტსახელიც შეარქვეს „ კიდევ ორი ტაუბი“, რაც სწორედ აპოლო 11-ის გაფრენამდე, რამდენიმე წამით ადრე, მის მოთხოვნას კიდევ ორი ფოტოს გადაღების ფრაზას უკავშირდება.
ბილ ტაუბის ლეგენდარული ფოტოების ალბომი Sotheby-ს აუქციონზე 6000-9000 დოლარად გაიყიდება.