22 ივლისს მიუნხენში ევროპის 2021 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის კენჭისყრა გაიმართება, სადაც კონტინენტის 32 ქვეყნის ნაკრები 8 ჯგუფში გადანაწილდება და იბრძოლებს ფინალურ ეტაპზე გამსვლელი 24 ადგილისთვის.
საკვალიფიკაციო ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ ევრობასკეტ 2021-ის მასპინძელი ქვეყნებიც – გერმანია, ჩეხეთი, საქართველო და იტალია, თუმცა ამ ოთხეულს საკონკურსო პირობები არ შეეხებათ და ევრობასკეტზე ჯგუფში ნებისმიერი ადგილის დაკავების შემთხვევაში გავლენ.
ფიბა-ევროპამ კენჭისყრის წინ 32 გუნდი სიძლიერის მიხედვით კალათებში განთესა.
დაზუსტებულია ერთი საინტერესო დეტალი, რის მიხედვითაც, საქართველოს მეტოქე იქნება პირველ კალათში განთესილი უძლიერესი გუნდებიდან ერთ-ერთი: ესპანეთი, საფრანგეთი, სერბეთი ან ლიეტუვა.
საკვალიფიკაციო მატჩები გაიმართება ფიბა-ევროპის მიერ დადგენილ 3 ფანჯრის პერიოდში: 2020 წლის 17-25 თებერვალს, 23 ნოემბერი – 1 დეკემბერი და 2021 წლის 15-23 თებერვალს. თითო ფანჯრის პერიოდში თითო გუნდი 2-2 მატჩს ჩაატარებს გასვლა-სახლის პრინციპით.