ეკა ბესელია ლეიბორისტების ინიციატივას ეხმაურება. "სამოქალაქო მოძრაობამ "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" უკვე წარუდგინა საზოგადოებას საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის შესახებ საკუთარი დასკვნა, სადაც დეტალურად განიხილა "ის საგანგაშო ტენდენციები და საფრთხეები, რაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში იყო ჩადებული საკონსტიტუციო კომისიისა და ხელისუფლების მიერ".
"მინდა შევუერთდე საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის ინიციატივას, რომ საქართველოს კონსტიტუციის პროექტში უნდა ჩაიდოს მუხლი საქართველოს ორი ვადით არჩეული პირველი პირისთვის (პრეზიდენტი) მომდევნო 5 წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, პრემიერ მინისტრის, უმაღლესი სასამართლოსა და საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელის პოსტებზე დანიშვნის აკრძალვის შესახებ", - ნათქვამია ბესელიას განცხადებაში.
მისი თქმით, ასეთ შეზღუდვას იცნობს საერთაშორისო სამართალი და ემსახურება სწორედ საზოგადოებრივი ინტერესების დაცვას.
სამოქალაქო მოძრაობის ლიდერი პოლიტიკურ პარტიებს და საზოგადოებას მოუწოდებს ლეიბორისტული პარტიის ინიციატივის მხარი დაუჭიროს, რომელიც შესაძლებელს გახდის ამ ინიციატივის რეალიზებას.