ხელისუფლება, შესაძლოა, პრეზიდენტისთვის საკანონმდებლო ინიციატივის უფლების შეზღუდვას დასთანხმდეს. აღნიშნული საკითხი დღეს პარალმენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დაისვა, სადაც პირველი მოსმენით განიხილეს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი.
პროექტის თანახმად, პრეზიდენტს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება აქვს. მას აქვს ის უფლებაც, რომ საკუთარი ინიციატივის რიგგარეშე განხილვა მოითხოვოს. ამან კი, საპარლამენტო ოპოზიციის შეფასებით, შესაძლოა, გამოიწვიოს საპარლამენტო პროცესის შეფერხება: თუკი პრეზიდენტს არ მოეწონება პარლამენტის რომელიმე საკანონდებლო ინიციატივა, მას შესაძლებლობა ექნება ამ ინიციატივის განხილვამდე შეიტანოს საკუთარი მისი საწინააღმდეგო ინიციატივა და პარლამენტს მისი რიგგარეშე განხილვა მოთხოვოს.
იუსტიციის მინისტრის მოადგილე დიმიტრი ძაგნიძე კი აცხადებს, რომ "პრეზიდენტს ექნება თუ არა საკანონმდებლო ინიციატივის უფლება, ამით მისი სიძლიერე არც იზრდება და არც მცირდება". შესაბამისად, მიიჩნევს, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილება საპარალმენტო სესიაზე იქნება მიღებული.