საპარლამენტო უმცირესობა მოქმედი პრეზიდენტის მიერ პრემიერის თანამდებობის დაკავების აკრძალვას მხარს უჭერს. ეს განცხადება უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უმცირესობის სახელით გააკეთა, სადაც პირველი მოსმენით განიხილეს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი.
აღნიშნული იდეა ირაკლი ალასანიას პარტიას ეკუთვნის. ვენეციის კომისიას და საერთაშორისო ექსპერტებს იგი თავისუფალმა დემოკრატებმა გაუგზავნეს. საუბარია ჩანაწერზე, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტს 5 წლის ვადით უნდა აეკრძალოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავება. საპარლამენტო უმრავლესობა კი კონსტიტუციაში მსგავსი დათქმის ჩაწერას ეწინააღმდეგება და იმასაც აცხადებს, რომ ამის წინააღმდეგი ვენეციის კომისიაცაა. თუმცა ვენეციის კომისიის დელეგაციამ ერთი კვირის წინ საქართველოში ვიზიტისას აღნიშნა, რომ ქართული რეალობიდან გამომდინარე, ამ გადაწყვეტილების მიღებას არ ეწინააღმდეგებიან.