საპარლამენტო უმრავლესობა გაუგებარს ვერაფერს ხედავს იმაში, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მისაღებად 24 სექტემბერს რიგგარეშე სესია იმართება. საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან ეს საკითხი დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დაისვა, სადაც პირველი მოსმენით იქნა განხილული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი.
ოპოზიციამ ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შეახსენა ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იმასთან დაკავშირებით, რომ პროექტის მიღებისას არ ეჩქარათ და კიდევ ერთხელ გაკეთდა მიმართვა ხელისუფლებისადმი, რომ საკითხის განხილვა 2011 წლისთვის გადადებულიყო, მანამდე კი აღნიშნული პროექტის საზოგადობერივი განხილვა სრულყოფილად და მათ შორის ტელედებატებით წარმართულიყო.
გია ცაგარეიშვილმა აქცენტი იმაზე გააკეთა, რომ ხელისუფლება არათუ ოპოზიციის ამ მოთხოვნას არ ასრულებს, არამედ ერთი დღეც ვერ იცდის და პროექტის დასამტკიცებლად რიგგარეშე სესიას მართავს.
საპასუხოდ, ხელისუფლების მხრიდან გაკეთდა კომენტარები, რომ ოპოზიციას უბრალოდ დროის გაჭიანურება სურს და მათი მხრიდან არ არსებობს საფუძვლიანი არგუმენტები, რატომ უნდა იქნას საკითხის განხილვა გადადებული.