სათხის სამონასტრო კომპლექსში სარესტავრაციო სამუშაოების დროს წარწერიანი საფლავის ქვები აღმოაჩინეს, - წერს საკუთარ Facebook-გვერდზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე.
“სათხეს სამონასტრო კომპლექსში, მიმდინარე სამუშაობის დროს აღმოჩნდა ორი საფლავის ქვა, წარწარით. პირველადი მონაცემებით, წარწერაში მოხსენიებულია მე-17 საუკუნეში ტაძრის რესტავრატორი, ზურაბიშვილი. სპეციალისტები მალე გამოაქვეყნებენ სრულფასოვან კვლევას”, - წერს ანთიძე.
სათხის სამონასტრო კომპლექსი V-X საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების უმნიშვნელოვანესი ძეგლია. მდებარეობს დაბა კაზრეთიდან 4 კილომეტრში. სამონასტრო კომპლექსის ირგვლივ ძველი ნასახლარებია შემორჩენილი. მთავარი, ცენტრალური ეკლესია X საუკუნეს განეკუთვნება და თავისი ორნამენტებითა და მრავალფეროვანი ეპიგრაფიული წარწერებით გამოირჩევა.
კომპლექსის კონსერვაცია-რესტავრაციის სამუშაოები 2018 წლის ზაფხულში დაიწყო და ოთხ წელს უნდა გაგრძელდეს.