თბილისის მერიის ორგანიზებით, იწყება პროექტი Tbilisi Classic Open Air, რომლის ფარგლებში, კლასიკური მუსიკის კონცერტები ქალაქის ღია სივრცეებში ჩატარდება.
პროექტის პირველი კონცერტი 14 ივლისს, 18:00 საათზე, ორბელიანის მოედანზე გაიმართება. მსმენელის წინაშე წარდგება თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი, რომელიც დედაქალაქის მერიის დაფინანსებით, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში მიმდინარე წელს ჩამოყალიბდა. სოლისტები არიან ირინა როსტომაშვილი (ვიოლინო); ანა გილიგაშვილი (ფლეიტა) და მარიამ მამადაშვილი (ვიოლინო).
ღონისძიებაზე შესრულდება მოცარტისა და ვივალდის ნაწარმოებები.
20:00 საათზე კი, კონცერტის მეორე განყოფილება დაიწყება, რომელიც პოლონეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 100 წლის იუბილეს მიეძღვნება. სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის დედაქალაქს პოლონეთის ქალაქ ჟეშუვის ორკესტრი ესტუმრა, რომელიც პოლონელი კომპოზიტორების ნაწარმოებებს შეასრულებს სოლისტ მევიოლინე კამილავონსიკ-იანიკთან ერთად. პოლონელი მუსიკოსები მსმენელს მონიუშკოს, გურეცკის, კილარისა და ვენიავსკის ნაწარმოებებს შესთავაზებენ.
კონცერტს უდირიჟორებს ქართველი დირიჟორი მირიან ხუხუნაიშვილი.
ღონისძიების პარტნიორები არიან: პოლონური ინსტიტუტი თბილისში; მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე; ევგენი მიქელაძის ეროვნული მუსიკალური ცენტრი.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.
საკონტაქტო პირი: ჯაბა სიხარულიძე 577 28 87 87