საქართველოს გოლფის ფედერაციის ორგანიზებით თბილისში ქალთა შორის პირველი ღია ჩემპიონატი გაიმართა. ჩემპიონატში 15-მა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.
პირველი ჩემპიონატის გამარჯვებული ესტონელი მიინა პოჰი გახდა. მეორე ადგილზე სოფო ბრეგვაძე გავიდა, ხოლო მესამე ადგილი მაია შაშიაშვილმა დაიკავა. პრიზიორები გოლფის ფედერაციისა და თბილისის საკრებულოს წარმომადგენლებმა დააჯილდოეს.
საქართველოს გოლფის ფედერაციის ორგანიზებით წელს არაერთი ტუნრირი ჩატარდა. 18-19 მაისს მამაკაცთა შორის საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატი გაიმართა. ისტორიული შეჯიბრების გამარჯვებული სანდრო ილაშვილი გახდა. გამოვლინდა საუკეთესო ოთხეული. სანდრო ილაშვილი, ზაურ გაბაიძე, ქართლოს დიასამიძე და ჟან-პატრიკ ვოისინი აგვისტოში ვილნიუსში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს გოლფის პირველი ეროვნული ნაკრების სახელით იასპარეზებენ. ევროპირველობა ევროპის გოლფის ასოციაციის ეგიდით გაიმართება.
უკვე დაგეგმილია გოლფში კიდევ ერთი ტურნირის ჩატარება. გოლფის ფედერაციისა და სპორტული ტურიზმის ალიანსის ორგანიზებით, 17-19 ოქტომბერს, თბილისში გოლფის საერთაშორისო ტურნირი ‘Taste and Play’ ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას ქართველი და უცხოელი მოყვარული გოლფერები მიიღებენ. მონაწილეთა რეგისტრაცია სექტემბერში დასრულდება.